
დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა. ისინი გაერთიანებული სამეფოს ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების ფარგლებში მოექცნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.
მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქონება გაეყინებათ.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა:
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა ბედოიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ზვიად ხარაზიშვილი - ხარება) მოადგილე - მირზა კეზევაძე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი - კარლო კაციტაძე
გენერალური პროკურორი - გიორგი გაბიტაშვილი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქცირების საფუძველია: შალვა ბედოიძისა და მირზა კეზევაძის შემთხვევაში რომ "ის არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველი მოპყრობას ან დასჯას".
თუმცა, შალვა ბედოიძესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამოცხადების შემდგომ საპროტესტო აქციებზე "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა პოლიციის ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციული გამოყენებას".
მირზა კეზევაძის შემთხვევაში კი, ნათქვამია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ძალოვანები ძალადობრივად მოქმედებდნენ აქციის მონაწილეების, ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ - სწორედ მირზა კეზევაძემ გაუწია ზედამხედველობა ამ ძალადობას.
რაც შეეხება კარლო კაციტაძეს, ნათქვამია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ძალოვანები ძალადობრივად მოქმედებდნენ აქციის მონაწილეების, ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ - მისი პასუხისმგებლობა იყო პოლიციელთა წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, თუმცა მან "განზრახ თუ გაუფრთხილებლობით" თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა.
გიორგი გაბიტაშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის "არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირის უფლების სერიოზულ დარღვევას". "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, როდესაც ძალოვანები ძალადობრივად მოქმედებდნენ აქციის მონაწილეების, ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ - ის პასუხისმგებელი იყო გამოძიება წარემართა და შესაბამისი სამართლებრივი დევნა დაეწყო იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს იძალადეს, თუმცა "განზრახ თუ გაუფრთხილებლობით" თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა.