logo
ENG



ძლიერი საქართველო: სიყალბეა, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი მოსკოვში გავამგზავრეთ

11 აპრ 202513:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/pn9k5oyjezi2f5x.jpg

კოალიცია ძლიერი საქართველოს განცხადებით, მათ მიმართ დეზინფორმაცია და ცილისწამება ვრცლდება იმის შესახებ, რომ მოსკოვში მათი პარტიის წევრი გაემგზავრა.

მათივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცის გავრცელებით პარტიის ლიდერის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

აღნიშნულ დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის ლელო-ძლიერი საქართველო ეთიკის ქარტიას მიმართავს.

"ორი დღეა ლელო-ძლიერი საქართველოს მიმართ პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერით ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება, თითქოს, "მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს" (ციტატა სიუჟეტიდან).

ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და მიზნად ისახავს ლელო-ძლიერი საქართველოს და მისი ლიდერის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ დავუშვებთ!

ლელო-ძლიერი საქართველო დღიდან მისი დაარსებისა, ეფუძნება და ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველი და გამტარებელია!

ეს არის პარტია, რომელიც 5 წელია ხმამაღლა ამხელს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს და არალეგიტიმური მთავრობის კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, პროპაგანდისტული მედიის მცდელობა, КГБ-ს მეთოდებით გასვაროს ყველაზე მყარი და მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, უშედეგოა და არავინ დაიჯერებს!

რაც შეეხება პარტიის წევრს, თამარ რომელაშვილს, ის მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი გადაადგილება საზღვარზე სპეცსამსახურის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელმაც სავარაუდოდ ეს "სკანდალური" ინფორმაცია პირდაპირ პროპაგანდისტულ მედიას გაუგზავნა და მათაც მორიგი, ამორალური, ცილისმწამებლური სიუჟეტი გაავრცელეს კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით!" ,- ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 


close დახურვა