
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუმში რუსეთის მიერ განხორციელებული ბალისტიკური დარტყმის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებს – განსაკუთრებით კი აშშ-სა და ევროპას – მოუწოდა, მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად იმოქმედონ.
ზელენსკიმ განცხადება საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთმა სამიზნედ აიღო "ჩვეულებრივი საცხოვრებელი ქუჩა", რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი და დაშავება მოჰყვა.
„მხოლოდ ნაძირალა აკეთებს ასეთ რამეს — კლავს უბრალო ხალხს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. საჭიროა მკაცრი რეაგირება მსოფლიოსგან — აშშ-სგან, ევროპისგან და ყველა იმ ძალისგან, ვინც ამ ომისა და მკვლელობების დასრულებას ისახავს მიზნად,“ — განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ტერორს და ცდილობს ომის გაჭიანურებას.
„აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. საუბრები არასდროს შეჩერებს ბალისტიკას და ავიაბომბებს. საჭიროა რუსეთის მიმართ იმხელა სიმკაცრე, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას და სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება,“ — დასძინა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს დილით სუმის ცენტრში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, არტემ კობზარის ინფორმაციით, 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.