logo
ENG



თურქეთის არმია და მათი მხარდაჭერილი ძალები სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

22 ოქტ 201920:41
3 წუთის საკითხავი
 
ai6t38aufvct69i.png

სირიის კრიზისი იყო დღეს სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის მთავარი თემა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ლიდერები რეგიონში არსებულ ვითარებას ერთობლივად მოაგვარებენ. ანკარა კი სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება. ქურთ მებრძოლებს სირიის ჩრდილოეთ რეგიონების დასატოვებლად მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებათ.

თურქეთის არმია და მათი მხარდაჭერილი ძალები სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევის განახლებისთვის ემზადებიან. ადგილობრივი დროით ღამის 10 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი ზავის ვადა იწურება. თუ დარჩენილ საათებში ქურთი მებრძოლები სასაზღვრო რეგიონებს სრულად არ გაათავისუფლებენ, ოფიციალური ანკარა ახალ იერიშებს დაიწყებს.

თურქეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონები ჯერ მხოლოდ 800-მდე ქურთმა მებრძოლმა დატოვა, ათას 300-მდე კი ამ დრომდე ე.წ უსაფრთხო ზონის ტერიტორიაზე რჩება. სამხედრო ოპერაციის გეგმა დღეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს გააცნო. ლიდერების მოლაპარაკება სოჭში გაიმართა. 

კრემლის შეფასებით, თურქეთის არმიის ყოფნა სირიის ტერიტორიაზე სირიის ხელისუფლების მიერ უნდა იყოს ნებადართული, თუმცა რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადი თურქეთს ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. სირიის ლიდერმა იდლიბის პროვინციაში სამხედროების მონახულების დროს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ქურდი უწოდა.

ოფიციალურმა ანკარამ სამხედრო ოპერაცია სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ რეგიონებიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა ბრძანა. გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად საზღვრისპირა ქალაქის მოსახლეობამ გუშინ ამერიკულ სამხედრო კოლონას კარტოფილები ესროლა. ახლა ამერიკელების მიერ მიტოვებული პოზიციების უმეტესობას რუსი სამხედროები იკავებენ. დღეს ტაბქას ავიაბაზაზე რამდენიმე რუსული ვერტმფრენები დაეშვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა