შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე, საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი. შეხვედრისას კი ადვოკატი მობილური ტელეფონით გაასაუბრეს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
12 აგვისტოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
