უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ანტიუკრაინული ბლოკის შექმნას გეგმავს, კერძოდ - POLITICO-ს უნგრეთის პრემიერის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა უთხრა, რომ უნგრეთი ცდილობს ძალების გაერთიანებას ევროკავშირში უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსის შესაქმნელად.
მრჩეველის თანახმად, ვიქტორ ორბანი იმედოვნებს, რომ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერთან ანდრეი ბაბიშთან და სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად გაერთიანდება, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების, მათ შორის სამიტის წინ, პოზიციები შეაჯერონ.
POLITICO-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შორს არის, მისმა ფორმირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს EU-ის ძალისხმევა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინის მიმართ სკეპტიკოსების მომხრე ალიანსმა ევროკავშირში ბლოკის სახით მოქმედება დაიწყოს, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია და დასძინა, რომ მსგავსმა ბლოკმა კარგად იმუშავა მიგრაციის კრიზისის დროს.
ვიქტორ ორბანის წარმომადგენლის თქმით, ეს იქნება 2015 წლის ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის განახლება, რომელშიც შედიოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.
ეს ალიანსი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიშალა.
POLITICO წერს, რომ ვიშეგრადის ახალ ალიანსში ოთხის ნაცვლად სამი წევრი იქნება, რადგან პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდამჭერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიქტორ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს.
