logo
ENG



პარტიები, რომლებსაც ქართული ოცნება აკრძალავს - სია

28 ოქტ 202514:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/28/wmwomczdw3y2ai2.jpg

ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. 

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ.

ეს პარტიებია:

  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

შალვა პაპუაშვილმა ასევე ჩამოთვალა "მცირე პარტიები", რომლებსაც, მისივე განმარტებით, "პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ და არც საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა გააჩნიათ", შესაბამისად, მათი აკრძალვის "აუცილებლობა" პარტიამ ვერ დაინახა. 

"გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია (დროა) და გირჩი - მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში, კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია-მელია-გირჩი-დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებან არიან რეგისტრირებული. 

აგრეთვე - კი ევროპას, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ - ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება".

კოალიცია ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ აკრძალვა შეეხება კონკრეტულად პარტია - ახალს და არა მასში შემავალ დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლებას.

"სახელმა შეიძლება დააბნიოს - პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს სახელად ჰქვია კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა, თუმცა იცით, რომ ცალკე არის პარტია გირჩი, ცალკე არის პარტია დროა. კონსტიტუციური სარჩელი ეხება მხოლოდ ამ პარტიას, რეალურად, ახალს - რომლის ქოლგის ქვეშაც წინა არჩევნებზე შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და სახელი გადაერქვა, ამიტომ, ამ პარტიას ეხება ცალკე".

მასალა ახლდება

***

16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.

ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.

ახალი ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვეში მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეში.

 


close დახურვა