logo
ENG



12 წელი მიესაჯა ბიძას, რომელიც 2008-2012 წლებში არასრულწლოვან გოგოს აუპატიურებდა

13 დეკ 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
12 წელი მიესაჯა ბიძას, რომელიც 2008-2012 წლებში არასრულწლოვან გოგოს აუპატიურებდა

თანასწორობის მოძრაობის ცნობით, 12 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც 2008-2012 წლებში არასრულწლოვან გოგოს სისტემატიურად აუპატიურებდა. განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა.

მათი ცნობით, ორგანიზაციას 2022 წლის 15 მარტს 21 წლის ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

"საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატიურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ახორცილებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას. ბრალდებული დაკავებული იქნა გონივრულ ვადაში და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით)" - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული დამნაშავედ ცნეს, შეუფარდეს 16 წლით პატიმრობა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.


close დახურვა