logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გეოგლიფი და “ნაყოფიერი ნიადაგის” ინტელექტუალური და სინდისიერი “ჰუმუსის” გამანადგურებლები

16 ნოე 202519:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/16/6lwte084o01a17j.jpg

გასული კვირის ყველაზე შთამბეჭდავ კადრად უდავოდ იქცა ანაკლიაში - სიმბოლურად, სწორედ ანაკლიაში - გამოკვეთილი, დახაზული, კიდევ უფრო ზუსტად გაკვალული 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი – „მეგობარი აქტი“.

დაზამთრებამდე შეიძლება მოესწროს და ეს გამოსახულება დათესილი თეთრი სამყურითაც გამოისახოს, სიტყვებით, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში დიდი ხანია იკითხება როგორც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - რაც ამავდროულად რუსეთის მიერ დაპროექტებული საქართველოს მომავლის არაღიარებაა.

ზუგდიდელმა აქტივისტებმა ეს პერფორმანსი საკუთარი ხელებით, საკუთარი რესურსით, უბრალო ადამიანების მწირი შემოწირულობით გააკეთეს - იმისთვის, რომ ვაშინგტონში კიდევ ერთხელ დაენახათ: მიუხედავად პრორუსული ხელისუფლებისა, ეს ქვეყანა ისევ დემოკრატიულ სამყაროს, ისევ ამერიკას მიმართავს მხარდაჭერისთვის - თავისუფლებისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა რეაქცია აქვს ამაზე რეჟიმს?
პოლიცია, სუსი, პროკურატურა დროებით სცენის მიღმა დატოვეს და წინ გარემოს დაცვის სამსახური გამოიყვანეს: აქტივისტები „ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში“ დაადანაშაულეს.
იმ მიწის, რომელიც დაუსახლებელია, აუთვისებელია და სადაც უბრალოდ თეთრი სამყურა დათესეს.

პირველი შთაბეჭდილებით ეს ბიუროკრატიული აბსურდია, სინამდვილეში - პოლიტიკური აქტი.
რეჟიმმა უნებურად ძალიან ზუსტად მონათლა საკუთარი სტრატეგია - გეგმაზომიერი პოლიტიკა,
რომელიც ჩვენი ერის/საზოგადოების ყველაზე პასუხისმგებლიანი, განათლებული, სინდისიერი ნაწილის რეპრესიის, ფიზიკური ძალადობის, დაპატიმრების, ფინანსური სასჯელების, საჯარო სამსახურებიდან და საერთოდ ქვეყნიდან განდევნისკენ არის მიმართული.

„ნაყოფიერი მიწის“ - სამეცნიერო ბიოლოგიური ტერმინით - ჰუმუსის დაზიანება ზუსტად ისაა, რასაც „ოცნება“ უკვე წლებია მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებს.
მიზანში ჰყავს ამოღებული საზოგადოების კულტურული ფენა, „ინტელექტუალური ჰუმუსი“ - ადამიანები, რომლებიც:

პასუხისმგებლობას გრძნობენ და ხმას იღებენ;

განათლებულები არიან და პრობლემას სახელებს არქმევენ;

სჯერათ, რომ საქართველო რუსეთზე კი არა, დემოკრატიულ სამყაროზე უნდა იყოს ორიენტირებული.

სწორედ მათი დასუსტება, გამოფიტვა, დაზიანება და არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრებიდან - საქართველოდან განდევნაა ივანიშვილის რუსული ოცნების გაცხადებული მიზანი.

ასე იფიტება, ასე ნადგურდება ქართველი მოწამეების, დიდი მეფეების, მწერლებისა და პოეტების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, დისიდენტებისა და მეომრების ბრძოლით, სისხლით, ლოცვით, შრომითა და აზროვნებით ნაკვები და ნაპოხი ნიადაგი, რომლიდანაც ის პიროვნებები იზრდებიან, ვისზეც ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა დგას.

„ოცნება“ თავისი სიხარბით გარემოს განადგურების ტემპშიც ჩემპიონია, მაგრამ ეს ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაცილებით მეტია:
როცა ქვეყანას არა ტყეებისა და მდინარეების, არამედ გონების, სინდისისა და პასუხისმგებლობის რესურსისგან ფიტავ.

ანაკლიაში გამოსახული გეოგლიფი და დათესილი თეთრი სამყურა ჩვენს მეგობრებს, ჩვენი მომავლის იმედებს ეძღვნება.
თბილისში და მთელ საქართველოში კი რეჟიმი ცდილობს „ინტელექტუალური და სინდისიერი ჰუმუსი“ გაანადგუროს, იმ ადამიანების ფესვები ამოძირკვოს, ვინც ამ მომავალს ქმნის.

და აქ კიდევ ერთხელ — კითხვაზე პასუხი:
ვის მხარეს ვდგავართ — მათ მხარეს, ვინც ნაძარცვ, უპატრონოდ მიგდებულ მიწაზე თანხმობის, სოლიდარობისა და მეგობრობის თესლს თესავს,
თუ იმ მხარეს, ვინც ქვეყნის „ნაყოფიერ ფენას“ უტევს, რომ ამ მიწაზე ერთხელ და სამუდამოდ თავისუფლების ყვავილის ნაცვლად მონობის სარეველა გაბატონდეს?

დიდი ხანია, ეს მხოლოდ პარტიულ არჩევანს აღარ ეხება.
ეს არჩევანი განსაზღვრავს — დარჩება თუ არა ქვეყანას საერთოდ ნიადაგი, რომელზეც თავისუფალი და ღირსეული საქართველო შეიძლება გაიზარდოს და დაფუძნდეს.


close დახურვა