აშშ-ის სენატმა დაჩქარებული პროცედურით და ფორმალური კენჭისყრის გარეშე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, საჯაროდ გამოაქვეყნოს მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ჩანაწერები. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.
„ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტს“ სენატში ერთხმად დაუჭირეს მხარი, რაც წარმომადგენელთა პალატის მიერ 427–1-ზე მიღებულ ვერდიქტს მოჰყვა. დოკუმენტი ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა პოლიტიკური დაპირისპირების თემა არაა და მიზანი საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. შუმერმა ასევე თქვა, რომ ეპშტეინის გარემოცვის პირებმა, რომლებიც არასრულწლოვნებზე ძალადობას ხელს უწყობდნენ, პასუხი უნდა აგონ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი თავდაპირველად ფაილების გასაჯაროებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და რესპუბლიკელ კანონმდებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, აცხადებს, რომ „დასამალი არაფერი აქვს“.
