logo
ENG



The Hill: სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა MEGOBARI Act-ის NDDA-ში ჩართვაზე უარი თქვა

03 დეკ 202518:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/03/ir7zphse0dkbjj9.jpg

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ჯონსონს MEGOBARI Act-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვაზე უარი უთხრა.

NDAA ყოველწლიური, აუცილებელი თავდაცვითი კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამხრედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.

The Hill-ის წყაროების თანახმად, სპიკერმა ჯონ ტუნს პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა - ასევე, წყაროების თანახმად, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ავტორიზაციის აქტში MEGOBARI Act-ის ჩართვის ინიციატივა ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ დაბლოკა.

The Hill წერს, რომ MEGOBARI Act კანონპროექტია, რომელიც მიზანში იღებს პრორუსულ, ანტიდემოკრატიულ ოფიციალურ პირებს საქართველოში.

გამოცემა წერს, რომ ანონიმურობის პირობის დაცვით, ამ ინფორმაციას 2 ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც კონგრესმენებთან თანაშემწეებად მუშაობენ.

The Hill ამ ინფორმაციაზე კომენტარის გასაკეთებლად დაუკავშირდა როგორც ჯონ თუნის, ასევე მაიკ ჯონსონის ოფისებს - მათ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე. 

დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა BBC-ის მიერ პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო სიუჟეტსაც ახსენებს, რომლის თანახმადაც - ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა.

***

MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.

დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.

10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

  • აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
  • ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
  • აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
  • მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
  • მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.

თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.


close დახურვა