logo
ENG



რა რეპრესიული ცვლილებები შეაქვს "ოცნებას" შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში

08 დეკ 202520:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/08/vqiw130ecihkwxf.png

"ოცნებას" შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს.

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებულია, შეკრების ჩატარების თაობაზე შსს გააფრთხილოს, ხოლო შსს-ს უფლება ეძლევა შეკრების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი და სვლა-გეზი შესთავაზოს.

მისი თქმით, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას, მათ 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. განმეორების შემთხვევაში კი 1-წლამდე პატიმრობა.

"ცვლილებების მიხედვით, სპონტანური და არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციების ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლა-გეზის ცვლილება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებისა და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ანდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, რითაც შეზღდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20-დღემდე ვადით.

ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 1-წლამდე ვადით.

საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს ცვლილებები არის მიღებული, რათა დაცული იქნას, მაქსიმალურად, ბალანსი, როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავსუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კირცხალიამ.


close დახურვა