გამოცემა Bloomberg წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა პერსპექტივა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში ტერიტორიული კონტროლის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, რადგან კიევზე მზარდი ზეწოლაა, დათანხმდეს რუსეთის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.
მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინამ თავისი ძალები გაიყვანოს აღმოსავლეთ დონბასიდან, სადაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ის ნაწილებიც შედის, რომელთა დაკავებასაც რუსული სამხედრო ძალები თითქმის 4-წლიანი ომის განმავლობაში ვერ ახერხებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უახლეს სამშვიდობო წინადადებაზე, კვლავ ამბობს, რომ უკრაინა არ განიხილავს კრემლისთვის ტერიტორიის დათმობას.
"რუსებს უნდათ მთელი დონბასი - ჩვენ ამას არ ვეთანხმდებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან კიევში და თქვა, რომ "სჯერა, ამ კითხვაზე პასუხს უკრაინის ხალხი გასცემს - იქნება ეს არჩევნების, თუ რეფერენდუმის გზით - ხალხს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება".
Bloomberg წერს, რომ ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე დისკუსიებში უკრაინის ტერიტორია მთავარი საკითხია, რადგან მოლაპარაკებებმა შესაძლოა მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მიიყვანოს.
Bloomberg წერს, რომ ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე დისკუსიებში უკრაინის ტერიტორია მთავარი საკითხია, რადგან მოლაპარაკებებმა შესაძლოა მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მიიყვანოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ განიხილავს ტერიტორიისთვის "თავისუფალი ეკონოიკური ზონის" სტატუსის მინიჭებას, რუსეთი კი "დემილიტარიზებულ ზონაზე" საუბრობს.
"ამერიკელები ეძებენ შესაბამის ფორმატს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა: "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამჟამად, მე მჯერა, რომ ბევრი რამ ჩვენს არმიაზეა დამოკიდებული".
უკრაინის მოკავშირეები სამშვიდობო გეგმის უახლეს ვერსიას დღეს, ხუთშაბათს განიხილავენ მას შემდეგ, რაც გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს გუშინ, 10 დეკემბერს. საუბრის შემდეგ ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ ის "შედარებით ოპტიმისტურად" არის განწყობილი პროგრესის მიმართ, რადგან მხარეები შეთანხმების პირობებზე კონსენსუსს ეძებენ.
"უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია ტერიტორიულ დათმობასთან, რომელზეც უკრაინა შესაძლოა წავიდეს - მაგრამ, ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმაც და უკრაინელმა ხალხმაც უნდა გადაწყვიტონ" - თქვა ბერლინში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ფრიდრიხ მერცმა და დასძინა, რომ ეს მკაფიოდ განუმარტეს დონალდ ტრამპსაც.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მისი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს 20-პუნქტიანი სამშვიდობო ჩარჩოს დებულებებზე - ის აღნიშნავს, რომ უკრაინელმა მოლაპარაკებებში ჩართულმა პირებმა განხილული ვერსია უკვე გაგზავნეს ვაშინგტონში, თუმცა დასძენს, რომ ეს არაა საბოლოო დოკუმენტი.
"გეგმა მუდმივად მუშავდება და იხვეწება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ამჟამად გრძელდება", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
