logo
ENG



ჰააგაში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, რომელსაც შეუერთდა საქართველოც

16 დეკ 202521:58
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/16/eh8c19x5xi1wu4m.jpg

დღეს ჰააგაში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

აღნიშნულ კომისიას შეუერთდა საქართველოც - შესაბამის კონვენციას ხელი "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.

საერთაშორისო საჩივრების კომისია (International Claims Commission) იქნება რუსეთის აგრესიული ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ყოვლისმომცველი მექანიზმის მეორე ნაწილი, რომელიც დაეფუძნება უკვე არსებულ „უკრაინისთვის მიყენებული ზიანის რეესტრს“.

საჩივრების კომისია ჩამოყალიბდება ევროპის საბჭოს ფარგლებში და ღია იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.

"უკრაინისთვის მიყენებული ზიანის რეესტრი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა, აგროვებს და აღრიცხავს უკრაინაში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების მიერ წარდგენილ მოთხოვნებს კომპენსაციაზე. დღემდე რეესტრს 44 სახელმწიფო და ევროკავშირი შეუერთდა და მასში უკვე შესულია 86,000 განაცხადი.

საერთაშორისო საჩივრების კომისია განიხილავს, შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ რეესტრში წარდგენილ მოთხოვნებზე და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც თითოეულ საქმეზე იქნება გადასახდელი.

კონვენცია კომისიის დაფუძნების შესახებ ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას 25 ხელმომწერი მხარე მოახდენს რატიფიცირებას, იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ფინანსები მისი საწყისი მუშაობის მხარდასაჭერად.

კომპენსაციის მექანიზმის მიღმა, ევროპის საბჭო ერთგულია უკრაინის გრძელვადიანი მომავლისა, რაც ეფუძნება ყოვლისმომცველ მიდგომას, რომლის ცენტრშია დემოკრატიული რეკონსტრუქცია და ანგარიშვალდებულება", - განმარტებულია ევროპის საბჭოს პრესრელიზში.


close დახურვა