უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პრეკონფერენციის დროს უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია პასუხის მიღება კითხვაზე, თუ როგორ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის მორიგი აგრესიის შემთხვევაში.
"არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით არ შემიძლია პასუხის მიღება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ, მანამდე ვერ მივედით. [...] როდესაც არ გაქვს NATO, მაგრამ გაქვს NATO-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები - ზოგი ამბობს, რომ ეს კიდევ უკეთესიც კი არის. მე ამის განსჯას არ დავიწყებ.
მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ - პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად...
მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
