"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
მან ხაზი გაუსვა უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობას და დაამატა, რომ მოქალაქეების მხრიდან "ტროტუარიდან გაწევის" შემთხვევაში, რეჟიმი სოციალურ ქსელზეც ცენზურის დამყარებას დაიწყებს.
ჯაფარიძემ ასევე ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია, პარტიებმა მოქალაქეებს "ალტერნატიული ძალა" დაანახოს.
"პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის, სანამ ჩემს დაჭერამდე იყო. ამ წუთისთვის, პროტესტი არის ერთადერთი საჯარო დემონსტრირება იმის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ეგუებიან ამ ქვეყანაში გაბატონებულ დიქტატურას. ამიტომ ამის გაგრძელება პრინციპული საკითხია... ეს არის მინიმუმი იმის, რაც უნდა გავაკეთოთ...
რამდენად ეფექტურია ეს რეპრესიული კანონები დამოკიდებულია იმაზე, რამდენი გაუვათ ["ოცნებას"]... თუ ჩვენ ტროტუარიდანაც გავიწევით, ამის შემდეგი ნაბიჯი "ოცნების" მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, იქნება სოციალური ქსელები. ანუ ქუჩიდან გაგწიეს ტროტუარზე - ტროტუარიდან სახლში, სახლიდან ლაპარაკობ მხოლოდ სოციალურ ქსელებში და შემდეგ სოციალური ქსელებიდანაც გაგწევენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური ქსელის ბევრად უფრო სერიოზული ცენზურა დაიწყება, ვიდრე უკვე არის. ბევრი გვყავს, ვინც სოციალურ ქსელებში პოსტების გამო დაიჭირეს...
[ერთობაში ვგულისხმობ] ყველაფერს, თუ რამე ნიშანი შეიძლება არსებობდეს იმისი, რომ დემოკრატიული ძალები იყვნენ გაერთიანებულნი, ამის ყველა ნიშანი უნდა დავაკმაყოფილოთ. საჭიროა კოორდინაციაზე ბევრად მეტი რამ. ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ აქეთ არის ალტერნატიული ძალა, რომელიც მართლა ერთადაა და მართლა იბრძვის. ნებისმიერი ნიშანი: შეათანხმება საერთო სტრატეგიაზე, საერთო სიაზე, შეთანხმება საერთო ხედვაზე, საერთო კანდიდატზე - ყველაფერი, რაც იქნება საერთო ამბავი - ეს არის ერთიანობის ნიშანი...
კონკრეტულ ნაბიჯებს ჯერ არ ვიტყვი... ორშაბათს მაქვს შეხვედრები დაგეგმილი... და დავილაპარაკებთ, რა არის გასაკეთებელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერმა საპატიმრო დაწესებულება დღეს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო გაუშვა.
