logo
ENG



სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

22 დეკ 202516:45
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა.

განაჩენის გამოცხადებამდე მან სიტყვით მიმართა დამსწრეებს. მათე დევიძის სიტყვა სრულად:

"მადლობა რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით, ბრძოლა ბოლომდე ისევ და ისევ.

მომივიდა ხმები, რომ შემიძლია დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ, ბოდიშით მაგრამ უბრალოდ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, ქვეყნის დამქცევი, ახლა უბრალოდ შევებრალე? ყველა შემოთავაზებული შეღავათი უარყოფილი და მიფურთხებული იქნება ჩემგან. ქვეყანაში კორუფციის ქცევებია და მე ვზივარ ციხეში? სასაცილოა. ხალხს მომავალი დააკარგვინეს, პროცესია ჯერ, არაფერი დამთავრებულა. ხალხი სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს - რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გაქვს ხელში, გარდა ხალხის, რომელიც შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში. დავამთავრებ მე ახლა.

ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც. მე თქვენი [სააპელაციო სასამართლოსი] იმედი არ მაქვს, საქალაქოში მიმდინარე ისეთი ტყუილი, მარაზმი და აბსურდი იყო, სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. მე ისევ არ დავესწრები განაჩენს, რადგან გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჩემში ემოცია უნდა გააღვიძოს მკვდარია. მიყვარხართ, დროებით, გამარჯვებამდე, ბოლომდე!!!"

საქმე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა. ბრალდების მხარე განაჩენის დამძიმებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მათე დევიძის სრულ გამართლებას.

ცნობისთვის, მათე დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ის 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მათე დევიძეს 21 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.


close დახურვა