logo
ENG



გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

23 დეკ 202510:59
3 წუთის საკითხავი
 

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გამოკითხვაზე პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდა. 

"საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი უქერისგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის, მეშვეობით ქრთამის სახით აიღო ერთი მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის.

მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრეს სერვისი 2008“-ის დამფუძნებელს, გიორგი ხაჟალიას, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

მესამე ეპიზოდი შეეხება 2021–2023 წლებს, როდესაც, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის, მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 ამერიკული დოლარი მიიღო.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა. თავის მხრივ, ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს - თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ე.წ. „ატკატებს“, იღებდა. ლილუაშვილს გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძის ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ", - განაცხადეს პროკურატურაში.

 


close დახურვა