logo
ENG



2022 წელს ლილუაშვილმა ფორმულას უჩივლა ქოლცენტრების საქმეში მისი ჩართულობის მხილებისთვის

23 დეკ 202514:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/23/7ovtq3eu9wju5es.png

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის ბრალის წარდგენისას განაცხადა, რომ ლილუაშვილი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობაში მონაწილეობდა. ამავე განცხადებაში პროკურატურამ გააჟღერა ვერსია, რომლის მიხედვითაც არსებობდა ურთიერთგაგება ლილუაშვილსა და დამოუკიდებელ მედიას შორის და მისი კავშირი ქოლცენტრებთან გამიზნულად არ შუქდებოდა - ბრალდება სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ რეალობასთან, როცა სწორედ დამოუკიდებელი მედია წლების განმავლობაში აშუქებდა ლილუაშვილის სავარაუდო კავშირებს ქოლ-ცენტრებთან და ამის გამო სასამართლო დევნის ობიექტიც გახდა.

პროკურატურას არ დაუსახელებია კონკრეტული მედიები, თუმცა აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი მედია, მათ შორის "ფორმულა", აქტიურად აშუქებდა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის სავარაუდო კავშირებს ქოლცენტრებთან. 

პროკურატურის ვერსია: „ურთიერთშეთანხმება“ ლილუაშვილსა და დამოუკიდებელ მედიას შორის

გენპროკურორის განცხადებით, გამოძიება სწავლობს ვერსიას, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილი, სხვა თანამზრახველებთან ერთად, უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო იმ თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, რომლებიც ოპოზიციურ მედიას აფინანსებდნენ. სანაცვლოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას იმ ქოლ-ცენტრების შესახებ, რომლებიც ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ მოქმედებდნენ - მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მათ გააჩნდათ.

პროკურატურის ცნობით, 2021–2023 წლებში საქართველოში კვლავ ფუნქციონირებდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მათი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო შედარებით მცირე ნაწილის მფარველი იყო თავად გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას, პროკურატურის მტკიცებით, ნათესავის - სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

ამავე ვერსიით, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ლილუაშვილმა ქრთამის სახით დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

რეალობა: სწორედ დამოუკიდებელი მედია აშუქებდა ლილუაშვილის შესაძლო კავშირებს

პროკურატურის განცხადებას მკვეთრად ეწინააღმდეგება ფაქტობრივი გარემოებები. 2022 წელს სწორედ „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და სხვა  პლატფორმებმა მოამზადეს სიუჟეტები სუს-ის მაშინდელი უფროსის შესაძლო კავშირების შესახებ თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან.

ამ სიუჟეტების გამო გრიგოლ ლილუაშვილმა თავად უჩივლა:
• ტელეკომპანიებს „მთავარი არხი“ და „ფორმულა“
• პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს

ლილუაშვილი მათ ცილისწამებაში ადანაშაულებდა და სიმბოლურად 1 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

სასამართლო დავები და SLAPP-ების პრეცედენტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 29 აპრილს ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს დაევალათ ეღიარებინათ, რომ საქმეზე ცილისწამება დადგინდა. ლილუაშვილმა დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

ადვოკატი მარი კაპანაძე, რომელიც სასამართლოში „ფორმულას“ ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ ლილუაშვილის სარჩელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ე.წ. SLAPP-სარჩელებს - მედიის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს - ჩაუყარა საფუძველი.

კაპანაძის შეფასებით, მაშინ მართლმსაჯულების სისტემამ „წარმოუდგენელი სისწრაფე“ გამოიჩინა და საქმე ლილუაშვილის გამარჯვებით დასრულდა, მაშინ როცა დღეს იგივე ფაქტები პროკურატურის ოფიციალურ ბრალდებად არის ქცეული.

ჟურნალისტების პოზიცია:

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა თეო გილიგაშვილმა 23 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხმა მოამზადა რეპორტაჟი სუს-ისა და ლილუაშვილის მიერ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობაზე, რის შემდეგაც სასამართლო დავა წააგო.

მისი თქმით, სასამართლომ არხი დაადანაშაულა იმაში, რომ სიუჟეტებში ლილუაშვილის პასუხი არ იყო წარმოდგენილი და ინფორმაცია „გადაუმოწმებლად“ გავრცელდა.

წინააღმდეგობრივი ბრალდებები და ისტორიის „გადაწერა“

ადვოკატი მარი კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს პროკურატურა ფაქტობრივად იმავე ამბავს ასაღებს „სენსაციად“, რის გამოც წლების წინ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს დევნიდნენ. მისი შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ კრიტიკული მედია ქოლ-ცენტრებიდან ფინანსდებოდა და ამავე დროს პრობლემას არ აშუქებდა, ისტორიის მიზანმიმართული გადაწერაა.


close დახურვა