ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი აცახდებს, რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა, თუმცა მისი თქმით, ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ლილუაშვილი მზადაა გამოძიებას სწორი ჩვენება მისცეს.
მან ასევე დაამატა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არ მიაჩნია, "მის წინააღმდეგ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე."
"წარგვედგინა ბრალდება, გაჟღერდა უკვე დღეს არაერთხელ რას ედავება პროკურატურა. აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ გვქონდა გარკვეული პოზიცია, დავიწყეთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა გამოძიებისათვის და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შემდეგ უკვე გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც პროკურატურა ედავება ბატონ გრიგოლს.
ჯერ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა დღეს ბრალდების წაყენება... მასალის გაცნობას დასჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ ვიყენებთ უფლებას, რომ გავეცნოთ საქმის მასალებს და გავცეთ ზუსტად იმ კითხვებს პასუხები, რომლებსაც პროკურატურა სადავოდ თვლის. თუმცა ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე", - განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა.
პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავა.
