logo
ENG



მზია ამაღლობელის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს

24 დეკ 202520:00
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/ti67e9upoy3yfrw.png

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარი წარუდგინეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.

დაცვის მხარე ითხოვს 2025 წლის 18 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატები ასევე მოითხოვენ, რომ საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილონ და მზია ამაღლობელს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.

ადვოკატების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დაცვის არგუმენტებზე, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამართლიანი პროცესის უფლება, ხოლო განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლოებმა არ შეაფასეს არც მტკიცებულებები, არც დაცვის პოზიცია და არც ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პატიმრობის პერიოდში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის განსახილველად ექვსთვიანი ვადა აქვს.


close დახურვა