2025 წელი სრულდება ცვლილებების მოლოდინისა და გაურკვევლობის მძაფრი განცდით. თითქოს მთელი მსოფლიო ერთ დიდ გარდამტეხ ფაზაშია გადასული, სადაც ძველი წესრიგი უკვე აღარ მუშაობს, ახალი კი ჯერ არ ჩანს. და მაინც, ამ ქაოსშიც იკვეთება ძირითადი ხაზები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს - როგორც გლობალურად, ისე აქ, საქართველოში.
პირველი ასეთი ხაზი არის შეერთებული შტატების როლის გადაფასება. ამერიკა აღარ არის ის „მსოფლიო პოლიციელი“, რომელიც ყველა კონფლიქტში დაუფიქრებლად, შეგვიძლია ვთქვათ თამამად ერთვებოდა. ვაშინგტონი დღეს ბევრად ფრთხილად წონის საკუთარ ნაბიჯებს, ითვლის რესურსებს, არჩევს, სად არის მისი უშუალო ინტერესი და სად სხვისი, თუნდაც მისი მოკავშირეების პასუხისმგებლობა.
პარალელურად, მეორე ასეთი ხაზი ევროპაა. ევროპა შოკური თერაპიის ფაზაშია - თვდაცვის ამერიკულ ქოლგასა და იაფ რუსულ გაზს დეკადების განმავლობაში შეჩვეული ბებერი კონტინეტი ხვდება, რომ საკუთარ უსაფრთხოებას და აგრესიული მეზობლისგან დაცვას ვეღარ „მიაბარებს“ ამერიკელებს, მიუხედავად იმისა ვინც არ უნდა იჯდეს მომავალში ოვალურ კაბინეტში და თავად უნდა აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა.
მესამე ხაზი პუტინის რუსეთია. ბოლო წლებში რუსეთმა კიდევ უფრო ნეგატიური ტრანსფორმაცია განიცადა: თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს იყო მკაცრი ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმის ელემენტებით, დღეს უკვე ვხედავთ სრულფასოვან, აგრესიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ უწყვეტი ომის პირობებში ახერხებს არსებობას. პუტინის რუსეთი ვერ იარსებებს, თუ რომელიმე ფრონტზე - სამხედრო, საინფორმაციო თუ პოლიტიკური მიმართულებით - მუდმივად არ ეწევა ძალადობას. დღევანდელი რუსეთი აღარ არის საფრთხე მხოლოდ უშუალო სამეზობლოსთვის, ეს არის საფრთხე ყველასთვის - როგორც „მტრად“ გამოცხადებული ცივილიზებული დასავლეთის, ასევე მოსკოვის გავლენის ქვეშ მოქცეული „მეგობრებისთვისაც“ რომლებიც ამ ომებში ,,მოკავშირეებად," უკეთეს შემთხვევაში რუხ ზონად და შავი ტრანზიტის სივრცედ, უარსში და საბოლოოდ კი საზარბაზნე ხორცად ჭირდება.
სამწუხაროდ, ამ წლის განმავლობაში საქართველომაც მკვეთრად ნეგატიური ტრანსფორმაცია განიცადა: ივანიშვილის რეჟიმმა ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ რადიკალური ნაბიჯები გადადგა: ხელისუფლება კრძალავს პარტიებს, ახშობს მედია-სივრცეს, პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენა წამება, ქიმიური იარაღი, პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები ციხეებში აღმოჩნდნენ, ქუჩაში, ან სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვის გამო მოქალაქის დაკავება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. როდესაც ტროტუარიც კი პროტესტისთვის აკრძალულ ზონად ცხადდება, ეს ნიშნავს, რომ კანონი სახელმწიფოს ხელში სამართლის და სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად დაშინების და ტერორის იარაღად იქცა.
გასული წლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც არა რეჟიმის სისასტიკე, არამედ საზოგადოების გამძლეობა აღმოჩნდა. მასშტაბური რეპრესიები, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში პრაქტიკულად უპრეცედენტოა, ვერ აჩერებს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არ ეგუება რუსულ ავტორიტარიზმს. ეს საზოგადოება უკვე სხვაა: გამოცდილი, უამრავჯერ დამარცხებულად გამოცხადებული, მაგრამ რეალურად დაუმარცხებელი. რომელის „განეიტრალება“ ვერ ხერხდება - ვერც დაჭერით, ვერ შანტაჟით, ვერ მრავალჯერ გადაღეჭილი პროპაგანდით.
თამამად შსეიძლება ითქვას, რომ 2026 წელი ნამდვილად გარდამტეხი იქნება. მსოფლიო ეძებს ახალ წონასწორობას - უკრაინის ომის დასასრული, ევროპის ახალი პოლიტიკა ჩვენი რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების ახალი სტრატეგიული არჩევანი - ყველა ეს ფაქტორი პირდაპირ იმოქმედებს ჩვენს მომავალზეც. მაგრამ საბოლოო პასუხს მაინც მხოლოდ ერთი კითხვა გადაწყვეტს: რამდენად მზად ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის.
ყოველ ტოტალიტარულ ეპოქას აქვს ერთი უხილავი ზღვარი - როცა ძალაუფლება ნგრევას იწყებს არა ოპოზიციის, არამედ ღირსების წინაშე.
ამ წელს გავიგეთ, რომ ღირსება შეიძლება იყოს კედლებში დამწყვდეული, მაგრამ ვერასოდეს დამცირებული. და სწორედ ამ ადამიანების მყუდრო, შინაგანმა სიძლიერემ შეინარჩუნა ქვეყნის სული: მათმა უარმა დანებებაზე, უარმა შიშზე, უარმა დამორჩილებაზე. 2026 წელი იწყება მათით - და იმ უბრალო ჭეშმარიტებით, რომ როცა ღირსება არ ნებდება, არ ნებდება არც ქვეყანა.
შეიძლება იჯდე პრეზიდენტის კაბინეტში და ყველა სინდისიერ მოქალაქეს შენს დანახვაზე, მითუმეტეს მოსმენაზე უსიამოვნო უხერხულობა იპყრობდეს, და შეიძლება იჯდე საკანაში, დაქვეითებული მხედველობით, მაგრამ შენი ღირსებით სავსე მზერა თაობებს მომავალს უნათებდეს.
შეიძლება გეპყროს საპატრიარქოს შენობის ჭიშკრის კლიტე და ბოროტის მამხილებელ ბერს, მოხუცი პატრიარქის ფაქსიმელიით, სინამდვილეში კი რუსის დავალებით პატივს ყრიდე.. და შეიძლება იდგე ქუჩაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად, სიმართლისთვის დევნილი და ჩაგრული ,,ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიერ“ და ათასობით და ათიათასობით თანამოძმეს რწმენაში აძლიერებდე, იმედით ავსებდე.
და სწორედ ამიტომ, 2025 წლის ბოლოს, როდესაც სიბნელე თითქოს უფრო მჭიდროდ ებჯინება ჩვენს ქვეყანას, უფრო მკაფიოდ მივხვდით ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: რეჟიმის მთელი ძალაუფლება აგებულია შიშზე, ძალადობის შიშზე, დევნის შიშზე, დაკარგული მომავლის შიშზე. მაგრამ ამ შიშის წინააღმდეგ აღმდგარმა საზოგადოებამ უკვე იპოვა საკუთარი ძალა - თანადგომა, სოლიდარობა. სწორედ ეს გახდა მთავარი პოლიტიკური და მორალური რესურსი, რომელიც ვერ გატეხა ვერც ციხემ, ვერც შანტაჟმა, ვერც ცინიზმმა. 2026 წელს ამ სოლიდარობას სჭირდება პასუხისმგებლიანი მიმართულება და იმგვარი ლიდერობა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს და არ დაყოფს. თუ ეს ენერგია გადაიქცევა შეგნებულ, საერთო პოლიტიკურ მიზნად - მაშინ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება აღარ იქნება მხოლოდ სურვილი, არამედ გარდაუვალი პროცესის სახელწოდება.
დროების და ფორმულას ერთგულ მაყურებელს და გულშემატკივარს ამ სურვილით და გამარჯვების რწმენით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
