გასული კვირა ორი ამბით დამთავრდა, რომლებიც ერთი შეხედვით სხვადასხვა სფეროს ეკუთვნის: გორში მოქალაქეზე პოლიციელების სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და სუს-ის ახალი „ჯაშუშური“ საქმეები.
ერთი - პოლიციის ძალადობაა. მეორე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საეჭვო კონტრდაზვერვითი ჰიპერაქტიურობა. ორივე ერთად გვაჩვენებს ერთსა და იმავე სურათს: ხელისუფლებას, რომელსაც საზოგადოებრივი ნდობის მკვეთრი დეფიციტი აქვს და მართვის მთავარ ინსტრუმენტად რჩება შიში - ქუჩაში, პოლიციის ფორმით; პოლიტიკურ სივრცეში კი „ჯაშუშების“, „მტრების“ და მუდმივი ალყის მითით.
გორში მომხდარი იმ სისტემის რეციდივია, რომელსაც წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური ოპონენტის, აქტივისტის, ჟურნალისტის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქის წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება არა დანაშაული, არამედ სამსახურის ნაწილია; არა გადაცდომა, არამედ ერთგულების დადასტურება.
ძალადობაზე თვალის დახუჭვას იქ, სადაც მსხვერპლი ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანია, შედეგედად მოყვება ის, რომ ძალადობა გადაედინება ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადადის რიგით მოქალაქეზე. მიდის იმ ადამიანთან, რომელსაც პოლიტიკასთან შესაძლოა არანაირი შეხება არ ჰქონდეს. იშლება ზღვარი კანონის სახელით ლეგიტიმური ძალს გამოყენებასა და ჩვეულებრივ ანგარიშსწორებას შორის.
პოლიცია, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქის უსაფრთხოების ინსტიტუტი უნდა იყოს, თანდათან უბრუნდება ძველი მილიციის მოქმედების მოდელს, რომელიც არსით ძალიან ახლოს დგას კრიმინალური სუბკულტურის ქცევის წესებთან: ჯგუფური ძალადობა და შიდა, „ჯოგური“ სოლიდარობა, როგორც სისტემაში შესვლისა და კარიერული პერსპექტივის წინაპირობა. იქმნება გარემო, სადაც ფორმა - მოქალაქისთვის - დაცვის კი არა, საფრთხის სიმბოლოდ იქცევა.
გორის ფაქტმა საზოგადოება იმიტომაც შეძრა, რომ ის ვნახეთ, ჩვენი თვალით ვნახეთ. კადრმა და მასთან ერთად მსხვერპლის ყმუილის ხმამ შეუძლებელი გახადა უარყოფა. მაგრამ რამდენი ასეთი ამბავი დარჩა კადრის გარეშე? რამდენი ისტორია ჩაიკარგა საინფორმაციო ხმაურში, სადაც დაზარალებული ოჯახი ყვებოდა, მედია აშუქებდა, მაგრამ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ დგებოდა? სწორედ ამიტომ არის საშიში ასეთი შემთხვევების „ცალკეულ გადაცდომად“ წარმოჩენა. ცალკეული გადაცდომები მაშინ იქცევა სისტემად, როცა რეჟიმი მათ დაზარალებულების ოჯახის წევრების დაშინებით ჩქმალავს, მანამდე ფაქტის ამსახველ მასალებს ანადგურებს და დამნაშავე პოლიციელებს ხელს აფარებს.
ახლა კი კვირის მეორე მოვლენა, რომელმაც პირველი ნაწილობრივ გადაფარა - სუს-ის „ჯაშუშური თამაშები“.
ხელისუფლება გვიყვება, რომ ქვეყანაში კვლავ ჯაშუშები აღმოაჩინა. ამჯერად საუბარია გულბაათ რცხილაძეზე - ფიგურაზე, რომელიც დიდი ხანია ცნობილია რუსეთის მიმართ ღიად გამოხატული სიმპათიებით, საჯარო დისკურსში რუსული ნარატივების აქტიური პოპულარიზებით და იმ წრეებთან სიახლოვით, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში რუსეთის ინტერესების ლეგიტიმაციას ცდილობდნენ. ასეთ საქმიანობას განსაკუთრებული გასაქანი სწორედ ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში მიეცა - ანუ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია.
თუმცა რცხილაძის ბოლო აქტივობა, როგორც ჩანს, თვით ისეთი პრორუსული და ანტიდასავლური ხელისუფლებისთვისაც კი, როგორიც ივანიშვილის „ოცნებაა“, გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდა. მისი ინიციატივით თბილისში შეიქმნა ჯგუფი, რომლის მიზნადაც ანტირუსული გამონათქვამების მონიტორინგი და მათზე რეაგირება სახელდებოდა. ბევრმა ამგვარი ინსტრუმენტის გაჩენა პირდაპირ შეადარა მამუკა მდინარაძის მიერ გასულ კვირას დააანონსებულ კონტროლის მექანიზმს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნით, რომელიც სოციალურ ქსელებში გამონათქვამების მონიტორინგითა და მათზე რეაგირებით დაკავდება.
მართალია, თავად რცხილაძის გავლენა ქართულ საზოგადოებრივ დისკურსზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თუმცა ის წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა რუსული ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან - იქნება ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ სხვა უწყებები. ანუ რცხილაძე ასე ადვილად ხელმოსაკიდი ფიგურა არ არის, თუ „ოცნებას“ არ აქვს გარანტია, რომ რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯს მძიმე რეაქცია არ მოჰყვება, ან თუ ივანიშვილმა არ ჩათვალა, რომ სხვა მიზეზების გამო ამის გაკეთება არსებულ რისკებზე უფრო მეტად სჭირდება.
ამ რისკების აღქმას თვალსაჩინოს ხდის თავად ივანიშვილის მიდგომაც. მაშინ, როცა როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც კი ვერცერთმა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვერ გაბედა რუსეთის, როგორც საოკუპაციო ძალის, სახელით ხსენება, უცებ ქართული სუსი ისე გულადდება, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური გავლენის, შეგვიძლია ვთქვათ - რუსული რბილი ძალის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ღია, აქტიურ და სტაჟიან წარმომადგენელს საქართველოში - რცხილაძეს - ჯაშუშობის ბრალდებით აკავებს.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი?
რამდენიმე ვერსია შეიძლება განიხილებოდეს. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგების მცდელობას. მით უფრო იმ ფონზე, როცა თბილისში რამდენიმე დღით სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, ხოლო თავად ვაშინგტონში - ჯერ ჰადსონის ინსტიტუტის ღონისძიებით, შემდეგ კი Washington Post-ის სარედაქციო წერილით - ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკული დინამიკა აშკარად გაძლიერდა. ასეთ ვითარებაში შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს არის მინიმალური იძულებითი ხარკი იმის საჩვენებლად, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკის კორექტირებას ცდილობს და რუსეთის მარიონეტობიდან ,,გადმოხრის’ გზაზე დგას.
შესაძლოა, მსგავსი არაფერია და მომხდარის დასავლეთისთვის განკუთვნილ სიგნალად გაყიდვა მხოლოდ ირიბი შედეგი იყოს. ნამდვილ მიზეზს კი შეიძლება წარმოადგენდეს ივანიშვილის ურთიერთობების დაძაბვა რუსეთის - საქართველოს მიმართულებაზე პასუხისმგებელ გარკვეულ სტრუქტურებთან და რგოლებთან. ეს პროცესი, შესაძლოა, დაიწყო კრიმინალური ავტორიტეტის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, როდესაც ივანიშვილი იძულებული გახდა, სხვა მსგავსი მკვლელობებისგან განსხვავებით, ნაბიჯები გადაედგა და ყოფილი გენერალური პროკურორის, შტატების მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაეშვა.
ეს ის ფარცხალაძეა, რომელსაც, არსებული საჯარო ცნობებით, პირდაპირი წვდომა ჰქონდა და აქვს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობასთან და რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მეშვეობით რუსულ პოლიტიკურ და სპეცსამსახურების ისტებლიშმენტში კვლავ საქართველოზე გავლენის ერთ-ერთ ცენტრად რჩება.
შესაძლოა, თავად მოსკოვში ამ გავლენების დაპირისპირებისა და კონკურენციის გამოძახილი იყოს თბილისში რცხილაძის დაკავებაც. მით უფრო, რომ ზახაროვას ქების პარალელურად, ქვედა დონეზე, რუსების მხრიდან ივანიშვილის მიმართ კრიტიკაც სულ უფრო ხშირად ისმის. როგორც ჩანს, მოსკოვში მისგან გაცილებით მეტს ელიან გაცემული თამასუქების სრულად გასასტუმრებლად. ეს კი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის და მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმაციის წინაპირობების შექმნას გულისხმობს.
ამ საქმეს შეიძლება ჰქონდეს კიდევ ერთი, არანაკლებ საშიში ახსნა: ფონის შექმნა იმისთვის, რომ ხვალ ანალოგიური ბრალდებებით დააკავონ რუსეთისთვის არასასურველი და ადგილობრივი რეჟიმისთვის პრობლემური დემოკრატიული, სამოქალაქო წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. როცა საზოგადოებას აჩვევ „ჯაშუშური ქსელების“ მუდმივ აღმოჩენას, შემდეგ უკვე ბევრად მარტივია ნებისმიერი არასასურველი ფიგურისთვის მძიმე ბრალდების მორგება.
ბოლო პერიოდში სუს-ი თითქოს ერთდროულად აკავებს სხვადასხვა მიმართულების „აგენტურას“ - ხან რუსეთის, ხან თითქოს რომელიღაც ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავეებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი „ჯაშუშურ თამაშებშიც“ ბალანსირების იმიტაციას ცდილობს: თითქოს არც რუსეთია ბოლომდე მისი მხარე, არც დასავლეთი; თითქოს საქართველო ყველა მხრიდან მტრებითაა გარშემორტყმული და ამიტომ საზოგადოებამ მუდმივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უნდა იცხოვროს.
ეს ავტორიტარული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მეთოდია. როცა ხალხს ვერ უსრულებ უხვად გაცემულ დაპირებებს, აშინებ საფრთხით. როცა ვერ აჩვენებ მომავალს, აჩვენებ მტერს. როცა ნდობა აღარ გაქვს, ქმნი ალყის განცდას. ასეთ დროს მოქალაქისგან ითხოვენ არა კითხვებს, არამედ მორჩილებას; არა კონტროლს, არამედ ჩუმ თანხმობას; არა თავისუფლებას, არამედ უსაფრთხოების სახელით უფლებების დათმობას.
რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში არც ერთი რეალური ჯაშუშური ქსელი არ გამოუვლენია და, პირიქით, რუსული სპეცსამსახურების აქტივობისთვის სასათბურე პირობებს ქმნიდა, ახლა თითქმის ყოველ კვირას ახალ-ახალ სკანდალს გვთავაზობს - მტკიცებულებების, ღია პროცესებისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გარეშე. ასეთ გარემოში მოქალაქეს უფლება აქვს იკითხოს: სახელმწიფო უსაფრთხოება მუშაობს ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად, თუ ხელისუფლების პოლიტიკური სცენარების გასაფორმებლად?
ამ ორ ამბავს — გორში პოლიციის ძალადობას და სუს-ის ჯაშუშურ თამაშებს — ერთი საერთო ღერძი აქვს: რეჟიმის მზარდი არაპროგნოზირებადობა.
დღეს საფრთხე აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ აქტივისტს, ჟურნალისტს, ოპოზიციონერს ან ქუჩაში მდგომ ადამიანს. სისტემა, რომელიც ძალას უკონტროლოდ იყენებს და მტრის ხატს ხელოვნურად ქმნის, ბოლოს ყველასთვის სახიფათო ხდება - მათ შორის მათთვისაც, ვინც დღეს ფიქრობს, რომ პოლიტიკას შორიდან უყურებს და ეს ყველაფერი მას გვერდზე ჩაუვლის.
ავტორიტარული სისტემა ყოველთვის ასე ფართოვდება: ჯერ ურტყამს მათ, ვინც ეწინააღმდეგება; შემდეგ აშინებს მათ, ვინც აკვირდება; ბოლოს კი ეხება მათაც, ვინც დუმილს უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევდა.
ამიტომ გორის კადრები, სასტიკად ნაცემი და შეურაცყოფილი მსხვერპლის და მისი ოჯახის წევრების მოწოდებები დუმილისკენ და „ჯაშუშური“ ბრალდებები ერთი კვირის ორი ცალკე ამბავი არ არის. ეს არის ერთი პოლიტიკური ლოგიკის გაგრძელება - ძალით იმართოს ქუჩა და შიშით იმართოს საზოგადოება. ასეთ სახელმწიფოში კანონი თანდათან კარგავს თავის მთავარ დანიშნულებას: დაიცვას მოქალაქე მათ შორის ხელისუფლებისგანაც. ეს არის წერტილი, რომლის შემდეგაც პრობლემა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელი, კონკრეტული საქმე ან კონკრეტული ჯაშუშური ბრალდება. პრობლემა ხდება სისტემა, რომელიც მოქალაქეს ნდობას აღარ სთხოვს - მისგან მოითხოვს მხოლოდ სიჩუმეს და შეგუებას.
