logo
ENG



ზელენსკი ფლორიდაში ტრამპს ხვდება - განხილვის თემა სამშვიდობო გეგმაა

28 დეკ 202523:17
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/28/5tvx73h6hgbe3ea.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში იმყოფება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავს. შეხვედრის დაწყებისას ტრამპმა განაცხადა, რომ „შეთანხმების საფუძველი არსებობს“, ხოლო ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ დიალოგი „მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს“.

მხარეები განიხილავენ აშშ-ის შუამავლობით მომზადებულ განახლებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელსაც მოსკოვი ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს. ზელენსკის თქმით, გუნდები უკვე მუშაობდნენ დოკუმენტზე და დღევანდელი შეხვედრა მის რეალიზებას ემსახურება. კითხვაზე შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანია.

შეხვედრამდე ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ტრამპის განცხადებით, პუტინი „სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ“. თუმცა კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს მიაჩნიათ: ევროკავშირისა და უკრაინის მიერ შეთავაზებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს - ეს შეფასება ტრამპს საჯაროდ არ დაუდასტურებია.

მარ-ა-ლაგოში მოლაპარაკებებისას ჟურნალისტებს ოთახის დატოვება სთხოვეს. შეხვედრაში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. უცნობია, გააკეთებენ თუ არა ტრამპი და ზელენსკი დამატებით განცხადებებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.


close დახურვა