აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მოლაპარაკებები „შესანიშნავად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვართ, შესაძლოა ძალიანაც. დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“, – განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების გზაზე „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ კვლავ რჩება. მან უარი თქვა შეთანხმების მზადყოფნის პროცენტულად შეფასებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ის შესაძლოა 95%-ს მიუახლოვდეს.
მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ბედი რჩება, რომლის დათმობასაც უკრაინისგან რუსეთი ითხოვს. ტრამპის განცხადებით, საკითხი ჯერ გადაუჭრელია, თუმცა პროგრესი არსებობს. „ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. ეს დიდი საკითხია და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ“, – თქვა მან.
შეხვედრის დაწყებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „შეთანხმების საფუძველი უკვე არსებობს“, ხოლო ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები „მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს“. ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ტრამპის განცხადებით, მან შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინი მშვიდობის მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“ დასრულდეს.
უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ამ მიმართულებით თითქმის დასრულებულია, თუმცა ეკონომიკურ საკითხებსა და დონბასში შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ზონის თაობაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის „უმნიშვნელოვანესი ეტაპია“ და აღნიშნა, რომ უკრაინული და ევროპული გუნდები მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, დამატებითი შეხვედრები უახლოეს კვირებში გაიმართება, ხოლო იანვარში პროცესში ვაშინგტონიც ჩაერთვება.
