"ოცნების" შსს-ის ცნობით, საქართველოდან გააძევეს ტურისტად მყოფი ისრაელის მოქალაქე, რომელმაც 29 დეკემბერს გმირთა მოედანთან მდებარე გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.
მას ასევე დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
"აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა კანონით განსაზღვრული ვადებით დაუწესდა", - წერია განცხადებაში.
