ევროკავშირმა ვენესუელაში აშშ-ის ჩარევის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, „რათა თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია და შესაძლებელი გახდეს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა“. განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერ პირობებში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია“, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ პრინციპების დაცვაზე, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენზე“.
ბრიუსელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ნიკოლას მადუროს არ გააჩნია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია“ და მხარს უჭერს „ვენესუელელების მიერ წარმართულ, მშვიდობიან დემოკრატიულ გარდამავალ პროცესს, ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით“. ევროკავშირის განცხადებით, „ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“.
ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობის გზით და საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი „მჭიდრო კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან“, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს და მივიდეს „მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტამდე, რომელსაც თავად ვენესუელელები გაუძღვებიან“.
ბრიუსელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისა და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემაა“. ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ „ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია ყველა აქტორმა სრულად დაიცვას ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, ხოლო „ვენესუელაში დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმარი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებები, ევროკავშირის განცხადებით, „მჭიდრო კოორდინაციით მუშაობენ ევროკავშირის მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის იმ პირების დასაცავად, რომლებიც ვენესუელაში უკანონოდ არიან დაკავებული“.
