logo
ENG



პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

06 იან 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/06/caln6lixbon9xpm.jpg

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კვლავ ცდილობს EU-ის დისკრედიტაციას და ამტკიცებს, რომ - "აშშ-ის ოპერაციამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს".

ვენესუელის კონტექსტში ის კვლავ ქართული ოცნების ხელისუფლებას და მის "გეგმას" აქებს და "მშვიდობის" მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და "დემოკრატიის ბომბებზე" და "ლიბერალიზმის რაკეტებზე" ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ - გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს - ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს - ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი.

და იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში - არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში.

ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს", - ვკითხულობთ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნიკოლას მადურო აშშ-ის სამხედროებმა 3 იანვარს ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ცოლიც. 

ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარედგინათ.

ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკო-ტერორისტული შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულება, ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება.


close დახურვა