ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კვლავ გამოხატა პრეტენზიები კუნძულთან დაკავშირებით.
კერძოდ, გრენლანდიის შესახებ განცხადებას შეუერთდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი.
მათ განაცხადეს, რომ არქტიკაში უსაფრთხოება ევროპისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
"NATO-მ მკაფიოდ განმარტა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტია და ევროპელი მოკავშირეები ძალისხმევას აძლიერებენ. ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა, აქტივობა და ინვესტიციები, რათა დავიცვათ არქტიკის უსაფრთხოება და შევაკავოთ მოწინააღმდეგეები. დანიის სამეფო — გრენლანდიის ჩათვლით — NATO-ს ნაწილია", - წერია განცხადებაში.
ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოლექტიური ძალისხმევით, მათ შორის ნატოს ფარგლებში - „გაეროს წესდების პრინციპების დაცვით, რაც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას“.
„ეს არის უნივერსალური პრინციპები და ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დაცვას. ამ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებელი პარტნიორია, როგორც ნატოს მოკავშირე. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის გადასაწყვეტია საკითხები, რომლებიც ეხება დანიასა და გრენლანდიას", - წერია ლიდერების განცხადებაში.
ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ გამართულ ბოლო ინტერვიუებში, ტრამპმა კვლავ განაცხადა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილის შესახებ.
