logo
ENG



130 პროპორციული და 20 მაჟორიტარული მანდატი - ოპოზიციამ კომპრომისული საარჩევნო მოდელი განიხილა

10 თებ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტები განიხილეს. მათ შორის იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მანდატები 130/20-ზე უნდა გადანაწილდეს [130 პროპორციული და 20 მაჟორიტარული მანდატი].

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, 130/20-ზე პრინციპით არჩევნების ჩატარება „ევროპული საქართველოს“ გარდა, კიდევ რამდენიმე პარტიის მოსაზრებაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

„ჩვენ გვექნება მსჯელობა ამ საკითხზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპული საქართველოს შემოთავაზება, ეს არის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მოსაზრება. თუმცა ჩვენ, როგორც მასშტაბურ პოლიტიკურ ძალებს, გვჭირდება კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ.

მე შემიძლია პრინციპულად რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, ჩვენთვის ადგილებით ვაჭრობა მიუღებელია, მეორე - მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს პროპორციულ მისწრაფებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე - მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა. ქვეყნის განვითარებას ეღობება „ქართული ოცნება“ და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალური თანამშრომლობა და კოორდინაცია იყოს ოპოზიციის ძალებს შორის, რომ ერთობლივი ძალისხმევით „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ მოუსავლეთში.

რაც შეეხება ფეხების ბაკუნს, რომელსაც აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ცოტა აზრზე მოდით, ბეწვის ხიდზე ხართ და გაიარეთ, თორემ ეს ხიდი შეიძლება ჩაინგრეს და ჩაგიყოლოთ სწრაფი მდინარის მორევმა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენ ოპოზიციურ ერთობას ვინარჩუნებთ, კოორდინაციაში ვართ და რამდენიმე დღე გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი საბოლოო პოზიცია დავაფიქსიროთ და ის მოთხოვნები, რაც ხალხს აქვს, შესრულდეს. რა სისტემაც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ჩვენ გვჭირდება ფორმულა, რომელიც ქვეყანას ჩამოაშორებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის კომპრომისულ შეთავაზებას დათანხმდება.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო, რომ დადასტურდა ერთობა. რაც შეეხება ინიციატივას, მე არ გამოვყოფდი რომელიმე კონკრეტული პარტიის ინიციატივას, ჩვენ გვქონდა საუბარი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან და მათაც საინტერესო იდეები ჰქონდა, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს ჰქონდათ მოსაზრება კონკრეტული ციფრების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებას შევთავაზოთ მოდელი, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ დავუშვათ პარტიამ აიღოს 40% ან მეტი და დარჩეს ისეთ ვითარებაში, რომ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. იმედია ხელისუფლება ამ შეთავაზებაზე წამოვა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ დავსვით საკითხი, „ევროპულმა საქართველომ“, რომ უნდა შევთავაზოთ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად, რაც მოხდა უკვე, კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება ხელისუფლებას, რათა ავიღოთ მყარი პრინციპი, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ჰქონდეს 40%-ზე მეტი არსებითი მხარდაჭერა და ასეთ შემთხვევაში, თუ ისე მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს, ჰქონდეს შანსი მთავრობის შექმნის. პირობითად ბალანსი არის 130/20-ზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ციფრებზე დღეს არ უმსჯელიათ, თუმცა მისივე თქმით, კომპრომისის შემადგენელი ნაწილი 2024 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება უნდა იყოს.

„გვქონდა იმის განხილვა, რა შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ. ციფრები არ განგვიხილავს. რაც შეეხება ყველა კომპრომისს, ამის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად 2024-ში მთლიანად პროპორციული არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.


close დახურვა