ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.
მედია წერს, რომ 28 დეკემბერს დაწყებულმა პროტესტმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი.
გავრცელებული ცნობებით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გუშინ, 8 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. პროტესტი დაფიქსირდა მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.
ღამით ირანში ე.წ. სამთავრობო შენობები იწვოდა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პროპაგანდისტული მედიის ოფისსაც. აქციის მონაწილეები რეჟიმი უსაფრთხოების ძალებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათ რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევების პარალელურად, რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გამორთო.
ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ოპოზიციურმა ფიგურამ, რეზა ფეჰლევიმ მოსახლეობას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც - მან ირანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ "ძალიან ძლიერად დაარტყამს".
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.
