აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდიის „ფლობა“ სჭირდება, რათა რუსეთსა და ჩინეთს ამ ტერიტორიაზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობა არ მიეცეთ. მისი თქმით, მხოლოდ იჯარის ან დროებითი შეთანხმებების ფორმატი საკმარისი არ არის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საკუთრება და თქვენ იცავთ საკუთრებას, იჯარას არ იცავენ. ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა,“ - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ვაშინგტონი ამას „ადვილი გზით ან რთული გზით“ გააკეთებს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და განაცხადა, რომ რეგიონი „რუსული და ჩინური გემებით არის სავსე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ იჯარის შეთანხმებები -იქნება ეს ცხრა, თუ ასწლიანი - საკმარისი არ არის. „ქვეყნებს საკუთრება სჭირდებათ,“ - აღნიშნა მან.
გრენლანდიამ და დანიამ ტრამპის განცხადებები კატეგორიულად უარყვეს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიის ხელისუფლების განცხადებით, გრენლანდიის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს ნიშნავდა.
ტრამპმა დასძინა, რომ არ სურს, რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის „მეზობლად“ იხილოს. „მე მიყვარს ჩინელი ხალხი, მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ მათ გრენლანდიაში მეზობლად ვერ ვიხილავ. ეს არ მოხდება,“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს რეალობა ნატომაც უნდა გაითვალისწინოს.
