ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობა უცხოეთთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ დააბრალა. მისი თქმით, სწორედ ეს ჯგუფები დგანან ძალადობრივი ქმედებების უკან, მათ შორის ბაზრების, მეჩეთებისა და კულტურული ობიექტების დაწვის ფაქტების უკან.
ტელეინტერვიუში, რომელიც დღეს გავიდა ეთერში, ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გაწვრთნილნი“. მისი თქმით, მათ დაწვეს ბაზრები რაშდში და სხვა ქალაქებში, ასევე მეჩეთები და კულტურული სივრცეები.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანმა ომმა ქვეყანა „ქაოსის მდგომარეობამდე“ მიიყვანა. მისივე თქმით, „მტერი ცდილობს, არსებული არეულობა კიდევ უფრო გააღრმავოს“.
ფეზეშკიანის განცხადებით, ირანის ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს ლეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ძალადობასა და მკვლელობებს მიუღებლად აფასებს. „თუ ადამიანი ამ ქვეყნის ნაწილია, მას შეუძლია გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მის პროტესტს და მოვაგვარებთ საკითხს,“ - თქვა მან.
მისივე თქმით, „უმწეო ადამიანების დაწვა და მკვლელობა“ მიუღებელია და ასეთ ქმედებებს ვერავინ გაამართლებს.
