აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებენ, 25%-იან ტარიფს უწესებს.
ეს განცხადება მან Truth Social-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ განკარგულება "საბოლოო და შეუცვლელია".
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის", - თქვა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული თეთრი სახლის ვებ-გვერდზე.
უკვე მე-17 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი - გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
