გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას წერილით ეხმაურება და რეფორმის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
წერილში, რომლის თარგმანსაც Publika ავრცელებს, ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს, რომლებიც დამოუკიდებელ სამეცნიერო საქმიანობასა და აკადემიურ თავისუფლებას იცავენ.
განცხადება სრულად:
"2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა გეგმა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალური რეფორმის შესახებ. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უნივერსიტეტების სრულად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევასა და საქართველოს გამოყვანას ევროპული უმაღლესი განათლების სივრციდან, რაც ქვეყანაში აკადემიურ და საგანმანათლებლო იზოლაციას გამოიწვევს.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ შექმნა თანამედროვე უნივერსიტეტები და სრულად ინტეგრირდა ევროპულ უმაღლესი განათლების სისტემაში. ბოლონიის პროცესში მონაწილეობამ ხელი შეუწყო აკადემიკოსთა მობილობას, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებას.
საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო ჩართულობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უმაღლესი განათლების ხარისხი, რაც აისახა საერთაშორისო რეიტინგში და რამაც ხელი შეუწყო ფართო სამეცნიერო ქსელების შექმნას ევროპის, მათ შორის გერმანიის უნივერსიტეტებთან.
დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია უნივერსიტეტების ავტონომიის სრულ გაუქმებას გულისხმობს. თბილისის ცენტრალური ფაკულტეტების ნაწილი გადავა რეგიონულ ქალაქებში, რაც ეფექტურობის სახელით განხორციელებული პოლიტიკაა, სინამდვილეში კი ემსახურება აკადემიკოსებისა და სტუდენტების კონტროლს. აღნიშნული ნაბიჯები წინააღმდეგობაში მოვა თავისუფალი განათლების პრინციპებთან და შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას.
გერმანია ტრადიციულად საქართველოს უნივერსიტეტების ახლო პარტნიორია. ამ უნივერსიტეტებიდან ზოგიერთთან პარტნიორობას უკვე 100 წელიწადზე მეტი ხნის ისტორია აქვს. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად კი შესაძლოა დაინგრეს ათწლეულების განმავლობაში ნაშენები პარტნიორობა.
გეგმები უკავშირდება ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში სახეზეა. მთავრობა სისტემატურად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, ხოლო ხდება საერთაშორისო დაფინანსების მიღების კრიმინალიზება.
უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია წარმოადგენს ამ პროცესის კიდევ ერთ საფეხურს. საქართველოს მთავრობის სამიზნედ იქცა უნივერსიტეტები, რადგან ისინი წარმოადგენენ თავისუფალი აზრისა და კრიტიკული კვლევის სივრცეებს, წინააღმდეგობას უწევენ ავტორიტარულ ძალაუფლებასა და საქართველოს იზოლაციას ევროპული საზოგადოებისგან.
გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას თავის ქართულ კოლეგებთან, რომლებიც იცავენ დამოუკიდებელ სამეცნიერო საქმიანობასა და აკადემიურ თავისუფლებას, რაც წარმოადგენს ევროპული კვლევისა და განათლების სივრცის საძირკველს.
მოვუწოდებთ გერმანიის მთავრობას, საქართველოს მთავრობას მკაფიოდ გააცნოს საქართველოს აკადემიური და საგანმანათლებლო იზოლაციის შედეგები. საქართველო რჩება ფასეული ევროპული განათლების ცენტრად და მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორად. ქვეყნისა და ევროპული სამეცნიერო საზოგადოების ინტერესებშია, განაგრძოს აკადემიური თავისუფლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს უნივერსიტეტებში".
2025 წელს ქართლმა ოცნებამ მათ მიერვე დაანონსებული ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.
რას მოიცავს ქართული ოცნების განათლების რეფორმა - სრულად
