აშშ-მა დაასანქცირა ირანის ოფიციალური პირები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში არიან დადანაშაულებულნი.
სანქციების სიაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანიც, რომელსაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ პირად ასახელებს, რომელმაც ირანელი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ასევე სანქციები დაუწესა 18 ფიზიკურ პირსა და კომპანიას - აშშ-ის განცხადებით, ისინი ირანული ნავთობის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათეთრებაში მონაწილეობდნენ. ეს სანქცირებული ირანული ფინანსური ინსტიტუტების ჩრდილოვან საბანკო ქსელს უკავშირდებოდა.
ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გულისხმობს ფინანსურ საქმიანობასა და ინსტიტუტებს, რომლებიც ბანკების მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, მაგრამ ტრადიციული საბანკო სისტემის რეგულაციების მიღმა მოქმედებენ.
ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ "მტკიცედ დგას ირანელი ხალხის გვერდით მათი თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნაში" და აღნიშნა, რომ ხაზინა "ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ტირანულ ჩახშობაზეა პასუხისმგებელი".
სხვა ზომებთან ერთად, სანქციები კრძალავს ამ პირებისა და კომპანიების წვდომას აშშ-ში არსებულ ნებისმიერ ქონებასა და ფინანსურ აქტივებზე და ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს უკრძალავს მათთან ბიზნესის წარმოებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს სანქციები დიდწილად სიმბოლურია, რადგან სანქცირებულთა უმეტესობას აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში სახსრები არ აქვს.
