კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის დღეს ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ TrialWatch-ის ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
ფონდის განცხადებით, ანგარიში, რომელიც მომზადდა TrialWatch-ის პრო ბონო პარტნიორთან, Covington & Burling LLP-სთან ერთად, დეტალურად აღწერს პროცესში არსებულ სერიოზულ ხარვეზებს, მათ შორის სასამართლოს უარს მნიშვნელოვანი დაცვის მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე, ასევე ამაღლობელის მოთავსებას შუშის "აკვარიუმში", რაც ზღუდავდა მის კომუნიკაციას ადვოკატებთან და ხელს უშლიდა დაცვის პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას.
"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლის სამართლის პროცესმა გამოავლინა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად დააზიანა მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისევე როგორც მისი დასჯა იმ მუხლით, რომელიც მას ოფიციალურად არც კი ჰქონდა წაყენებული"- განაცხადა ბრიტანელმა იურისტმა, TrialWatch-ის ანგარიშის ექსპერტმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა სერ ნიკოლას ბრაცამ.
ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა იმ დანაშაულის ახალი ელემენტებისგან, რომლისთვისაც საბოლოოდ მსჯავრი დაედო.
"გარდა ამისა, სასამართლო განაჩენში არ იყო წარმოდგენილი მსჯავრდებისა და თავისუფლების აღკვეთის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნას წარმოადგენს. ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოსწორდა, მიუთითებს პროცესის ბოროტად გამოყენებაზე, კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი ჟურნალისტის სამაგლითოდ დასჯის განზრახვაზე, რათა დაეშნებინათ სხვა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები.
ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება მანამდეც დაირღვა მაღალი თანამდებობის ქართველი ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრის გაკეთებული განცხადებებით"- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის გასაჩივრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იგეგმება, TrialWatch მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების ფუნქციონირება პოლიტიკური გავლენის გარეშე.
