საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეხმაურება აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 20%-იან ტარიფებს დაუწესებს იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც არ ეთანხმებიან გრენლანდიის აშშ-ის მიერ შეძენის საკითხს.
მაკრონის თქმით, ვერანაირი დაშინება ევროპის სახელმწიფოებზე გავლენას ვერ მოახდებს, მათ შორის, ვერც გრენლანდიის საკითხში.
მან ტარიფების დაწესებას მიუღებელი და უადგილო უწოდა და დაამატა, რომ ამ ზომებს ევროპა კოორდინირებულად უპასუხებს.
"საფრანგეთი ერთგულია ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. ეს უდევს საფუძვლად ჩვენს ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი ქარტიისადმი.
სწორედ ამიტომ ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს უკრაინას და სწორედ ამიტომ შევქმენით „მსურველთა კოალიცია“ მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რათა დავიცვათ ეს პრინციპები და ჩვენი უსაფრთხოება.
ამავე მიზეზით გადავწყვიტეთ შევერთებოდით დანიის მიერ გრენლანდიაში დაგეგმილ წვრთნებს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას არქტიკაში და ჩვენი ევროპის საზღვრებთან.
ვერანაირი დაშინება თუ მუქარა ვერ მოახდენს ჩვენზე გავლენას — ვერც უკრაინაში, ვერც გრენლანდიაში და ვერც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში, როდესაც მსგავს სიტუაციებს ვუპირისპირდებით.
სატარიფო მუქარები მიუღებელია და მათ ამ კონტექსტში ადგილი არ აქვთ. მათი დადასტურების შემთხვევაში, ევროპელები ერთიანი და კოორდინირებული სახით უპასუხებენ. ჩვენ შევძლებთ ევროპული სუვერენიტეტის დაცვას.
სწორედ ამ სულისკვეთებით გავმართავ მოლაპარაკებებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - წერს ემანუელ მაკრონი.
რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
