logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საიდუმლო ტყუილის" ქრონიკა

18 იან 202619:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/18/b47xksbef3xysly.jpg

"ქართული ოცნების“ პროპაგანდის ქარხანამ უტიფარი სიცრუის ახალი სერია გამოუშვა, რომელიც, ერთი შეხედვით, ნაცნობი ჟანრისაა: "მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა", "დამალული მოწოდებები", "დასავლეთის სქემა", "ქაოსის გეგმა".

ამბავი ასეთია: თითქოს, გერმანიის ელჩი "გასაიდუმლოებულ ვითარებაში" შეხვდა ახალგაზრდულ აქტივისტებს, აუხსნა „რადიკალიზაციის აუცილებლობა“ და მათ 'განუმარტა", რომ მხოლოდ მსხვერპლი შეიძლება გახდეს მასობრივი და რადიკალური პროტესტის "საწვავი" - რის მაგალითადაც ირანში მიმდინარე პროცესები მოიყვანა.

ამ "სკანდალში", როგორც ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც არ არსებობს: არც აუდიო, არც ვიდეო, არც მონაწილე პირების მონათხრობი ან დასტური... არც ერთი ფაქტი! სამაგიეროდ, არსებობს ელემენტარული ლოგიკა და საჯაროდ დაფიქსირებული ქრონოლოგია: თავად ელჩმა გუშინვე შეახსენა პროპაგანდისტ ბრლამდებლებს, რომ 15 იანვრის შეხვედრა საელჩომ და თავად მან გაასაჯაროვა - ფოტოებითა და მოკლე ინფორმაციით, რაც საერთოდ აცამტვერებს "მკაცრად გასაიდუმლოებულის" ლეგენდას.

ერთი მხრივ, აქ თითქოს ახალი არაფერია. ეს კამპანია გუშინ არ დაწყებულა: ევროკავშირის ქვეყნები, მათი ინსტიტუტები და დიპლომატიური მისიები დიდი ხანია "ოცნების" თავდასხმის ობიექტებია, გერმანიის ელჩი კი - განსაკუთრებული, უკვე "მონიშნული" და დამუშავებული სამიზნე. თბილისიდან წამოსული დეზინფორმაციული ბრალდებებისა და აგრესიული რიტორიკის გამო, გერმანიის საგარეო უწყებას არაერთხელ მოუწია თავისი დიპლომატის საჯარო გამოქომაგება.

მაგრამ ამჯერად სიახლე ბრალდების შინაარსია: ელჩს ფაქტობრივად აბრალებენ სისხლისღვრის პროვოცირებას ირანის მაგალითზე. ეს აღარაა უბრალოდ "ჩარევის" ან "არასწორი დიპლომატიის" ნარატივი. ეს არის მორალური ტერორიზმი, სადაც დასავლეთს კიდებენ პასუხისმგებლობას იქ, სადაც აუტანელი რეალობა ტირანიების მრავალწლოვან ძალადობასა და საზოგადოებაში დაგროვილ უკმაყოფილებაზე დგას. რატომ აკეთებს ამას პროპაგანდა?

პირველი მიზანი საინფორმაციო ველის გადაფარვაა. როდესაც ირანში მძიმე მოვლენები ვითარდება და დასავლური სახელმწიფოები მკაცრ შეფასებებს აკეთებენ, ოფიციალური თბილისისგან საზოგადოება ლოგიკურ პასუხს მოითხოვს: რას ამბობს რეჟიმი ტირანიაზე, ძალადობაზე, ადამიანის უფლებებზე? სწორედ ასეთ დროს "სკანდალი ელჩზე" იქცევა გამზადებულ პროპაგანდისტულ ბურუსად, რომელიც მთავარ თემაზე კონცენტრირებას ართულებს. სხვათაშორის შემთხვევითი არაა, რომ ირანთან დაკავშირებით ბერლინს, კონკრეტულად კანცლერ მერცს გამორჩეულად მკაცრი და მკაფიო პოზიცია აქვს.

მეორე მიზანი დასავლეთის დემონიზაციაა. ძველი სქემა ისევ მუშაობს: "არეულობას დასავლეთი აორგანიზებს", "აჯანყებებს უცხოეთიდან მართავენ", "ხალხის უკმაყოფილება მეორეხარისხოვანია". ასე ცდილობენ დააკნინონ, ან საერთოდ წაშალონ მარტივი ჭეშმარიტება: როდესაც საზოგადოება ასე მასობრივად გამოდის ქუჩაში, მიზეზი, როგორც წესი, შიგნითაა - უსამართლობაში, ჩახშობილ თავისუფლებაში, განადგურებულ ინსტიტუტებში, უპერსპექტივობაში.

მესამე მიზანი - "ომისა და მშვიდობის" პროპაგანდისტული ღერძის გამაგრებაა. აქ უკვე ყველაფერი ერთ წინადადებაში ჯდება: პროტესტი = ქაოსს. წინააღმდეგობა = სისხლს. დაუმორჩილებლობა = ქვეყნის დანგრევის რისკს და თუ ამას ირანის "სცენარით" გაამყარებენ, მით უკეთესი - ახალგაზრდული აქტივიზმი, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა, ევროპული პერსპექტივის დაცვა ერთ დიდ შავ ჩარჩოში ექცევა: "რადიკალიზაცია" და "მსხვერპლის სურვილი".

და ბოლოს, რატომ მაინცდამაინც გერმანიის ელჩი და რატომ ასეთი უტიფარი, თავხედური ტყუილი, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ ახლავს? იმიტომ, რომ როდესაც სამიზნე ერთი წელია დემონიზებულია, მასზე უკვე ყველაფრის მიწებება შეიძლება. აქ მტკიცებულება აღარაა საჭირო, ამ მავნებლური პუტინისტური სტილის პროპაგანდის მომხმარებელი აუდიტორია დიდი ხანია ფაქტებს აღარ ითხოვს. მათ არჩევანი გაკეთებული აქვთ ევროპული მომავლის ქურდი და სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმის ლოიალობის სასარგებლოდ და ნებისმიერი დეზინფორმაციული სალაფავი, რომელიც და როგორც კი ეკრანზე გამოჩნდება, მზადაა "სიამოვნებით" მიირთვას და თან "იფ, იფ, რა გემრიელია" დააყოლოს..

ამ ისტორიაში მთავარი კითხვა არ არის "რა თქვა ელჩმა", მთავარი კითხვაა - რატომ სჭირდება პროპაგანდას ასეთი უტიფარი ტყუილი. ეს არ არის დიპლომატზე შეტევა მხოლოდ, ეს არის საზოგადოების მართვის ტექნოლოგია: შიშის დათესვა, პროტესტის დისკრედიტაცია და რეალური პრობლემების გადაფარვა. როცა ხალხს ვერ არწმუნებ ფაქტებით, ცდილობ დააშინო სცენარებით. როცა პასუხი არ გაქვს რეალობაზე, ქმნი "საიდუმლო შეხვედრებს", "რადიკალიზაციის გეგმებს" და "უცხოეთის დავალებებს".

ამიტომ არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიფხიზლე. კითხვა, რომელიც ყველა ბუნდოვანებას ფანტავს: სად არის მტკიცებულება? და თუ მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ ეს "ამბავი" უბრალოდ მანიპულაციური ინსტრუმენტია, რომ ხალხმა საკუთარ თვალს აღარ დაუჯეროს და სხვის მიერ პროეცირებული შიშით იცხოვროს. მაგრამ ქვეყანა შიშით ვერც გადარჩება და ვერც აშენდება. ქვეყანა აშენდება მხოლოდ სიმართლით, ღირსებით და იმ საზოგადოებით, რომელიც ტყუილს არ აძლევს უფლებას, ნორმად იქცეს.


close დახურვა