ირანში მოხდა ის, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა - აიათოლა ალი ფამენეი ფაქტობრივად მთელი ოჯახით საკუთარ სამალავში მოკლეს. მისი დაცემა მხოლოდ ერთი ადამიანის დასასრული არ არის - ეს არის ეპოქის დასასრული!
როგორც "The Atlantic"-ში კარიმ საჯაპურმა დაწერა, "ჰამენეი იმ პარადოქსს წააწყდა, რომელსაც ყველა რევოლუციური მემკვიდრე ეჯახება: მის მიერ შენარჩუნებული რევოლუცია შექმნილი იყო სამყაროსთვის, რომელიც აღარ არსებობს. ის იხსენებს ჯორჯ კენანის სიტყვებს საბჭოთა კავშირზე: "ვერცერთი მისტიკური, მესიანური მოძრაობა ვერ გაუძლებს უსასრულო იმედგაცრუებას, თუ საბოლოოდ არ მოერგება არსებული ვითარების ლოგიკას. ჰამენეიმ ეს "მორგება" თითქმის ოთხი ათწლეული შეაჩერა - ნებისყოფით, სისასტიკით და რწმენით, რომ დათმობა დაშლას ნიშნავდა. ის ცხოვრობდა ლოზუნგით "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს". ის დაიღუპა ამერიკისა და ისრაელისგან."
ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რა მოხდება: - რეჟიმის ცვლილება თუ მხოლოდ ლიდერშიფის ჩანაცვლება?
ავტორიტარული სისტემები ხშირად ახერხებენ თავის გადარჩენას პერსონალური მსხვერპლის ფასად. ირანი ვენესუელა არ არის. ის ეთნიკურად, პოლიტიკურად და სოციალურ დონეზე ბევრად უფრო მრავალფეროვანი ქვეყანაა. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პირობებში შეიძლება გაჩნდეს ახალი აქტორები - რეგიონული, ეთნიკური, ინსტიტუციური. ეს ქმნის ცვლილების შანსსაც და არეულობის რისკსაც.
ამავე დროს, დასავლური კოალიციის სტრატეგიული ამოცანა აშკარაა: სამხედრო გზით ჩიხში შეყვანილი რეჟიმი დიპლომატიურ მაგიდასთან დაჯდეს უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული პოზიციით. მომდევნო დღეები იქნება ყველაზე მძიმე ირანის სამხედრო და სპეცსამსახურების ინფრასტრუქტურისთვის. მთავარ საკითხად დარჩება ბირთვული პროგრამის ბედი - შეძლებენ თუ არა მის ფაქტობრივ განულებას, თუ პროცესის მეორე ფაზა მოლაპარაკებების ფორმატში გადავა.
ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს გრძელვადიანი ქაოსი ირანში არ აწყობთ. ირანი 90-მილიონიანი ქვეყანაა, სტრატეგიული მდებარეობით, ენერგორესურსებით და საზღვრებით, რომლებიც რეგიონს აალებადს ხდის. ხანგრძლივი დესტაბილიზაცია ნიშნავს გაუთვლელ შედეგებს. ამიტომ მიზანი უფრო კონტროლირებადი ტრანზიციაა, ვიდრე უსასრულო ქაოსი.
"ბოროტების ღერძის მსხვრევა“ - გეოპოლიტიკური მიწისძვრა
რაც უკვე ნათელია - ავტოკრატიულმა ღერძმა სერიოზული დარტყმა უკვე მიიღო. ირანი იყო მნიშვნელოვანი საყრდენი იმ გეოპოლიტიკური არქიტექტურისთვის, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს დასავლეთის წინააღმდეგ აერთიანებდათ. თუ თეირანში ძალაუფლების ვერტიკალი დაირღვა, მოსკოვი კარგავს მნიშვნელოვან სატრანზიტო და სტრატეგიულ სივრცეს სამხრეთის მიმართულებით, ხოლო პეკინი სპარსეთის ყურის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ბერკეტებს. ეს მოვლენები სცდება ახლო აღმოსავლეთს - ის ძირეულად ცვლის გლობალურ ბალანსს და გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვუწოდოთ გეოპოლიტიკური მიწისძვრა!
საქართველო.
ამ მასშტაბის გეოპოლიტიკური მიწისძვრის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება მკვეთრად აცდენილია რეალობას და ჩვენთვის ,,ბუნებრივ კანონზომიერებას."მაშინ, როცა დასავლური კოალიცია აშკარად კონსოლიდირდება და სტრატეგიულ ინიციატივას საკუთარ ხელში იღებს, თბილისი იზოლაციის გზას ადგას და აგრესიულად დისტანცირდება იმ ალიანსისგან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტიაა. ეს არ არის ივანიშვილის ტაქტიკური შეცდომა - ეს არის სტრატეგიული სიბეცე.
საქართველო ისტორიულად იყო და უნდა გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და რეგიონში მისი მთავარი მოკავშირე და საყრდენი ბასტიონი. მაგრამ ბასტიონი ნიშნავს პოზიციონირებას, ინსტიტუციურ გამბედაობას და მოკავშირეებთან თანხვედრას.
როცა ისტორიის ჩარხი აჩქარებულ რეჟიმში ბრუნავს, ნეიტრალური სივრცე იკუმშება და ქრება. გეოპოლიტიკას ახასიათებს ისტორიის მოკლე მონაკვეთში სწრაფი ცვალებადობა და ვინც ამ ცვალებადობას არ კითხულობს და ვერ ადაპტირდება, ის რუკიდან იშლება.
ირანში მიმდინარე პროცესები თავისუფლების შანსია ირანელი ხალხისთვის. მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი ყველა პატარა სახელმწიფოსთვის:
მსოფლიო შესულია ახალი გადანაწილების ფაზაში. ასეთ დროს ქვეყნები ან იკავებენ საკუთარ ცივილიზაციურ ადგილს, ან სხვის, ისტორიულად წაგებისთვის დეტერმინირებული თამაშის ფიგურებად რჩებიან. საქართველოს არჩევანი უნდა იყოს მკაფიო - ემოციურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად სტრატეგიულად რაციონალური - ცივილიზაციასთან ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ! გვახსოვდეს - ისტორია დიდხანს არ ელოდება მათ, ვინც გადაწყვეტილებას აჭიანურებს...
