logo
ENG



ლაიენი: მიმდინარეობს დისკუსია დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლების პოტენციურ სანქცირებაზე

20 იან 202611:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/ng01tme8n1p94on.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ EU-ში მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების შესახებ.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობს წერილში, რომლითაც ევროპარლამენტარ კრისტოფ ბრეიზას კითხვას პასუხობს საქართველოში გაუარესებულ ვითარებაზე ევროკავშირის მხრიდან რეაგირებასთან დაკავშირებით.

ურსულა ფონ დერ ლაიენის საპასუხო წერილი ფორმულას მიაწოდეს.

წერილი სრულად:

"მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს თანახელმომწერებს საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ევროკავშირის რეაგირების შესახებ გამოგზავნილი წერილისთვის. ვაფასებ თქვენს აქტიურ ჩართულობას და ევროპარლამენტის მხრიდან ამ საკითხისადმი მუდმივ ყურადღებას.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელიც 4 ნოემბერს იქნა მიღებული, მკაფიოდ აფასებს საქართველოში არსებულ სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას - კანონის უზენაესობის სწრაფ ეროზიას, ფუნდამენტური უფლებების მკაცრ შეზღუდვებს და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის მიმართ აქვს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

საქართველოში არსებული ვითარების საპასუხოდ, ევროკომისიამ შეამცირა პოლიტიკური ჩართულობა საქართველოს ხელისუფლებასთან და შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა ხელისუფლებას. მიმდინარეობს დისკუსია იმ პირების მიმართ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება საბჭოში წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობით მიიღება.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, იმ პირობით, რომ ხელისუფლება მკაფიო და მტკიცე მზადყოფნას გამოავლენს კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 


close დახურვა