მზია ამაღლობელის ძმამ მალხაზ ამაღლობელმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი რუსთავის ქალთა საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მზია ამაღლობელს არავითარი ინფორმაცია შეწყალებაზე არ აქვს.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და შემართებითაა.
"არავითარი ინფორმაცია [შეწყალებაზე] მას არ გააჩნია, არც ხელმძღვანელობიდან არავინ მისულა, არაფერი უთქვამთ. არც დღეს, არც გუშინ. ამინდის გამო, არხებს ვერ უყურებს, ტელევიზორს. არავითარი ინფორმაცია არ აქვს, საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს.
თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. კიდევ ერთხელ მადლობა გადმოგცათ ყველას. ძალიან მხნედ არის, შემართებით არის - უკვე ერთ წელიწადში შევხვდებით და გამოვალო, მანამდე მოლოდინი არ აქვს', - თქვა მზია ამაღლობელის ძმამ.
გუშინ, 19 იანვარს ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა.
შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ შეიწყალა ქართული ოცნების პრეზიდენტმა.
