logo
ENG



კანადის პრემიერი: ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას იძულების იარაღად იყენებენ

21 იან 202612:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/1ukknew7f98bkvm.jpg

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე მსოფლიოს „საშუალო სახელმწიფოები“ მკაცრად გააფრთხილა.

მან აღწერა სწრაფად განვითარებადი მსოფლიო წესრიგი, სადაც ძლიერი ქვეყნები უარს ამბობენ დიპლომატიურ ტრადიციებზე საკუთარი ინტერესების მისაღწევად — რაც აშკარა მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუმცა მას კონკრეტული აქტორები არ დაუსახელებია.

მისი თქმით, კანადა და მსოფლიო გარდამტეხ მომენტში იმყოფებიან.

„დღეს მე ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, ერთი ლამაზი ისტორიის დასასრულსა და იმ სასტიკი რეალობის დასაწყისზე, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკა არანაირ შეზღუდვებს არ ექვემდებარება“, — განაცხადა მან.

თუმცა, კანადის პრემიერმა დასძინა, რომ მსოფლიოს საშუალო სახელმწიფოებს შეუძლიათ შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც დაეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ზესახელმწიფოები, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე „თვალებში უნდა შეხედონ სიმართლეს“ და „შეწყვიტონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე საუბარი ისე, თითქოს ის ისევ ფუნქციონირებს“.

„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი — ეს არის დიდი სახელმწიფოების გამწვავებული მეტოქეობის სისტემა, სადაც ყველაზე ძლიერები საკუთარ ინტერესებს ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების იარაღად გამოყენებით აღწევენ.

პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვართ რღვევის და არა გარდამავალ პროცესში. [...] დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის იარაღად, ტარიფების ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურის იძულების საშუალებად, ხოლო მიწოდების ჯაჭვების — გამოსაყენებელ სუსტ წერტილებად გამოყენება“, — თქვა კარნიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-კანადის ურთიერთობები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გამძაფრდა.

ტრამპმა არაერთხელ გააჟღერა კანადის ანექსიის იდეა და განაცხადა, რომ ის „აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს“.

ტრამპმა ასევე დააწესა მკაცრი ტარიფები კანადიდან იმპორტზე — რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ანალიტიკოსების გაფრთხილებით, ეს ნაბიჯი კანადას მხოლოდ ინდოეთთან და ჩინეთთან დააახლოებს.

კარნიმ მოუწოდა საშუალო სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ, საკუთარი ეკონომიკების გაძლიერებისკენ და „იგივე სტანდარტების გამოყენებისკენ როგორც მოკავშირეების, ისე მეტოქეების მიმართ“.

„საშუალო სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ ჩვენ მაგიდასთან არ ვზივართ, მაშინ მენიუში აღმოვჩნდებით. [...] დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის სამყაროში, მათ შორის მოქცეულ ქვეყნებს აქვთ არჩევანი: შეეჯიბრონ ერთმანეთს სხვისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ან გაერთიანდნენ მესამე, გავლენიანი გზის შესაქმნელად.

ჩვენ ვიცით, რომ ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ის. ნოსტალგია არ არის სტრატეგია“, — თქვა კარნიმ.

კანადის პრემიერმინისტრმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა გრენლანდიასა და დანიას.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის გვერდით და სრულად ვაღიარებთ მათ განსაკუთრებულ უფლებას, თავად განსაზღვრონ გრენლანდიის მომავალი“, — განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ კანადა ნატოს მოკავშირეებთან ერთად მუშაობს ჩრდილოეთ და დასავლეთ ფლანგების დასაცავად ავიაციით, წყალქვეშა ნავებითა და „ყინულზე განლაგებული სამხედროებით“.


close დახურვა