არის მომენტები, როდესაც რეალობა იმდენად უკუღმა დგება, რომ ამის დასანახად რამდენიმე მაგალითიც საკმარისია. დღევანდელი საქართველო, სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია - როდესაც საღი აზრი, ლოგიკა, პასუხისმგებლობა და ეროვნული ინტერესები თითქოს თავდაყირა დგას.
პარადოქსულობის მასშტაბის გასააზრებლად 4 კონკრეტული მაგალითი:
- ჩვენი რეგიონი ამ დღეებში განსაკუთრებით დაძაბულ ფაზაში შევიდა. ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ მთელი ახლო აღმოსავლეთი და კავკასია ახალი რისკების წინაშე დააყენა. ასეთ დროს ბუნებრივი იქნებოდა, რომ სახელმწიფო თავად ცდილობდეს ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირებას - მათ შორის იმ გავლენების, რომელსაც დეკადების განმავლობაში აგრესიული ირანის „რბილი ძალა“ სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. თუმცა საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: ხელისუფლების ყურადღება მიმართულია არა ამ საფრთხეების კვლევაზე, არამედ იმ ადამიანების დევნაზე, ვინც ამ პრობლემებზე წლებია საჯაროდ და არგუმენტირებულად საუბრობს. როდესაც ექსპერტის გაფრთხილება უსაფრთხოების საკითხზე სახელმწიფოსთვის საბოტაჟად ცხადდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე მხოლოდ შეცდომა აღარ არის, ეს სისტემური უკუღმართობაა.
- ამავე უკუღმართობის, არაადეკვატურობის და ფარისევლობის გამოვლინებაა, როდესაც ოცნების მთავრობა, რომელსაც ერეკლე მეორე მთავარ ეროვნულ გმირად, სამაგალითო ისტორიულ ფიგურად მიაჩნია და პრემიერმინისტრის კაბინეტში სწორედ მისი სურათი უკიდია, ერეკლეს ყველაზე დიდი მტრის და აღმოსავლეთ საქართველოს დამაქცევრის, შაჰაბასობას აღნიშნავს და ეს მის მომხრეებს, რომლებიც სხვებს უსამშობლოებს ეძახიან, ნორმალურად მიაჩნიათ. ისტორის ასეთი ცინიკური დამახინჯება მხოლოდ ფარისევლობა არ არის. ეს არის ოცნების პოლიტიკური და მორალური დეზორიენტაციის უკიდურესად მძიმე და მკაფიო ნიშანი.
- კიდევ უფრო პარადოქსულია განათლების სფეროში. ფაქტობრივად, უქმდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო უნივერსიტეტი - ილიაუნი, მაშინ როდესაც წლებია იფურჩქნება და ყვავის არალიცენზირებული, ჩვენი მოკავშირეების მიერ ტერორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობის გამო სანქცირებული ალ მუსტაფას სახელობის ისლამური უნივერსიტეტი, სადაც ირანული შიიზმის აქტიური სწავლება და ინდოქტრინაცია მიმდინარეობს; მოკლედ, ოცნების საქართველოში ილიაუნი საშიშია და არ გვინდა, ალ მუსტაფას სასწავლებელი - რა პრობლემაა.
- და ბოლოს, მე-4 მაგალითი: უსაფრთხოების თემაზე ნებისმიერი კითხვა ხელისუფლების მხრიდან უკვე "საბოტაჟის" ან "ღალატის" იარლიყით ფასდება. იმავე დროს ქვეყანას ჰყავს თავდაცვის მინისტრი, რომლის პოლიტიკური კარიერა ფაქტობრივად იმით აეწყო, რომ ფაქტობრივად უარყო ყველაფერი, რაც მისი ძველი ლიდერის მცდელობას და საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის აუცილებლობას უკავშირდებოდა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელი კონტრაქტი თავად ალასანიას მონათხრობიდან ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის და კრემლის უშუალო ჩარევით ჩაიშალა. ანუ, უნდა ვიყოთ იმ თავდაცვის მინისტრის იმედზე, რომელიც ამ თანამდებობას მარტო იმიტომ იკავებს, რომ მისი ყოფილი ლიდერის მცდელობებს შეაქცია ზურგი და ახალ პატრონს უსიტყვოდ ემორჩილება იმისთვის, რომ ქვეყანას ძლიერი თავდაცვის სისტემები არასოდეს ქონდეს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საფრთხეზე საუბარი დანაშაულად ითვლება, ისტორია პოლიტიკური დეკორაციაა, განათლება - სამიზნე, ხოლო უსაფრთხოება - მტერთან ლოიალობის გამოცდა. ასეთ რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ მუშაობენ ქვეყნის ინტერესებისთვის, ისინი მუშაობენ სისტემის თვითგადარჩენისთვის. ამიტომაც არის, რომ საქართველო დღეს სულ უფრო ხშირად ჰგავს სახელმწიფოს, სადაც ყველაფერი თავდაყირაა. და სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, „თავდაყირა ქვეყანა“ მხოლოდ ამ ედიტორიალის სათაური კი არა - ჩვენი ყოველდღიური რეალობა იქნება.
