logo
ENG



ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს მთავრობამ ძირი გამოუთხარა ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს

21 იან 202616:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/s68ripma7h39mxt.jpeg

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა "პუბლიკას" კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი და ევროსაბჭო მიიღებენ კომისიის შეფასებას საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზალიბერალიზაცია ერთიანად შეურჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.

ლამერტმა არ გამორიცხა, რომ დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მთელ მოსახლეობას შეეხოს.

„ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია, მათ შორის არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპები.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

პირველი ნაბიჯის სახით, კომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს. მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზალიბერალიზაცია ერთიანად შეურჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.

ახალი შეჩერების მექანიზმით, რომელიც გადაიხედა და ძალაში გასული წლის ბოლოს შევიდა, შესაძლებელია ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ეტაპზე, უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში, ეს გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზეც, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება", - თქვა მან.


close დახურვა