საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მომავალი ნავთობის სანქცირებული ტანკერი დააკავეს, რომელიც ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
"ჩვენ არ შევეგუებით არანაირ დარღვევას.
ამ დილით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსეთიდან მომავალი ნავთობის ტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და ეჭვმიტანილია ყალბი დროშის ქვეშ ცურვაში.
ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში, ზღვის თავისუფალ ზონაში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. იგი ჩატარდა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით.
დაწყებულია სასამართლო გამოძიება. გემი გადამისამართებულია.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საერთაშორისო სამართლის დაცვა და სანქციების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ომის დაფინანსებას", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
