logo
ENG



მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

23 ოქტ 202620:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/23/2bml59qcr27bv9e.png

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი წარმატებით უზრუნველყოფს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ქალაქ ოლეშკიზე გავრცელდება.

ინფორმაციის თანახმად, ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ოლეშკის ტერიტორიაზე დროებით შეწყვეტს ყველა სამხედრო მოქმედებას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და სპეციალურად განსაზღვრული უსაფრთხო დერეფნის მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მომზადება.

ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 29 ოქტომბერს ამოქმედდება.

"ოლეშკიში ვითარება უმძიმესია. ოლეშკი ფრონტისპირა ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი.

ოლეშკის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება, ადამიანები დანაღმული გზების გარემოცვაში ცხოვრობენ და რეგულარულ სამხედრო თავდასხმებს განიცდიან. სრულიად ცხადი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ხანდაზმული ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა", - თქვა მელანია ტრამპმა. 

მანამდე ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომის პაპმა ლეო XIV-მ მოუწოდა, პაპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. 

ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.

ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს.


close დახურვა