logo
ENG



ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა

25 იან 202613:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/25/0t82uhxzg39kqqk.png

ევროკავშირში ძალაში შევიდა შეზღუდვები რუსი დიპლომატების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებშია მიღებული. ახალი წესები მიზნად ისახავს შპიონაჟისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას.

25 იანვრიდან რუსი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ვალდებული არიან, მინიმუმ 24 საათით ადრე აცნობონ ევროკავშირის წევრ ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ გეგმავენ მგზავრობას ან ტრანზიტს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აკრედიტაცია არ აქვთ.

გარდა ამისა, ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს უფლება ეძლევათ, რუსი დიპლომატებისთვის შემოიღონ დამატებითი მოთხოვნები - მათ შორის, სპეციალური ნებართვის მიღება ქვეყანაში შესასვლელად, მაშინაც კი, თუ მათ უკვე აქვთ სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ზომები უკავშირდება რუსეთის მზარდ დაზვერვით აქტივობას, რომელიც, ბრიუსელის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას. საბჭოს განცხადებით, შენგენის ზონაში გადაადგილების თავისუფლება რუს დიპლომატებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ ფარულ საქმიანობაში, მათ შორის - შპიონაჟსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, რაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ისახავდა მიზნად.


close დახურვა