logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მიხა ხელაშვილი 101

25 იან 202620:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/25/2cjr142m82d6maw.jpg

ზუსტად 101 წლის წინ, 1925 წლის 25 იანვარს, საკუთარ 25-ე დაბადების დღეზე, ბოლშევიკებმა სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის" წევრი მიხა ხელაშვილი მოკლეს. ამ თარიღში, თითქოს, მთელი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მწარე კანონზომიერებაა ჩაბუდებული: საქართველო ხშირად სწორედ მაშინ კარგავს თავის ყველაზე ნათელ ხმას, როცა ის სრულად იწყებს ჟღერადობას.

მიხა ხელაშვილი მხოლოდ პოეტი არ იყო. ის იყო ადამიანი, რომელმაც სიტყვას პასუხისმგებლობა დააკისრა და პასუხისმგებლობას - მოქმედების სიმძიმე. მისი პოეზია უბრალოდ ლირიკა არ არის, შინაგანი ფიცია, ხალხური მეტყველებით ნათქვამი დიდი პოლიტიკური აზრი: რას ნიშნავს, როცა ქვეყანას ეუბნები "არ დავიხევ", მიუხედავად იმისა, რომ გეუბნებიან "გონივრულად მოიქეცი", "მოითმინე", "შეეგუე".

დღეს, როცა ოკუპაცია ისევ აქ არის - ხან მავთულხლართებით, ხან წართმეული მიწით, ხანაც უფრო უხილავი საზღვრებით, რომლებიც ადამიანების, ჩვენი ბევრი ნაცნობის თუ უცნობის შინაგან სამყაროს ყოფს და აორებს, მიხა ხელაშვილის ხმა უცნაურად ახლოს მოდის. იმიტომ კი არა, რომ დრო დაბრუნდა - იმიტომ, რომ კვლავ იგივე გამოცდა გვიდგას: ვინ რა ფასად იცავს საკუთარ ღირსებას და ვინ რა ფასად თმობს მას, რომ სიმშვიდის ილუზია შეინარჩუნოს. მიხა ხელაშვილი ამ "კომფორტის" ბუნებრივ მტრად დარჩა. მისთვის სამშობლო მხოლოდ გეოგრაფია არ იყო. სამშობლო იყო ღირსება, მეხსიერება და ერთმანეთის მიმართ ვალი.

სწორედ ამიტომაა, რომ მისი ამბავი დღესაც არ გვიტოვებს უფლებას, ვილაპარაკოთ თავისუფლებაზე ისე, თითქოს ეს დეკორაციაა. თავისუფლება ყოველდღიური არჩევანია - მძიმე, ხანდახან მარტოობით სავსე, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ქვეყანას შიგნიდან კი არ ანგრევს - აერთიანებს. და როცა ზუსტად 101 წლის წინ მოკლულ 25 წლის მიხა ხელაშვილს ვიხსენებთ, საკუთარ თავში ერთ რამეს ვამოწმებთ - დარჩა თუ არა ის ხაზი, რომელიც არ იშლება - ღირსების ხაზი. და თუ დარჩა, მაშინ მისი სიტყვა მხოლოდ წარსული აღარ არის; ის დღევანდელობის საზომია:

"ჩვენ წაქცეული უფლება, უკვდავად აღვადგინოთა,
ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა".


close დახურვა