"ოცნების" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდაცვლილ თანამშრომელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, სიმონ წაქაძე, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა, სუს-ში 2015 წლიდან მუშაობდა.
"კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი დღეს დილით იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თვითმკვლელობაა.
